კალათბურთი

14:49 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზორიჩი: ”თუკი მარკოიშვილს სროლა წაუვიდა...”

ხორვატთა ცენტრი საქართველოს ნაკრების იოლმა გამარჯვებამ დააფიქრა


ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებისთვის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი კატასტროფული გამოდგა. იასმინ რეპეშას შეგირდებმა ევროპის პირველობის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან დასკვნით მეოთხედში 3 ქულა ჩააგდეს, საბოლოოდ კი, 40:68 დამარცხდნენ. ყველაზე ცუდი რამ კი ხორვატებს მატჩის შემდეგ ელოდათ. 3 ათასამდე ხორვატმა გულშემატკივარმა, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიურები იყვნენ, თანამემამულეები სტვენით და შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს, კალათბურთელები კი მოედანს თავჩაღუნულნი ტოვებდნენ.

ცხადია, აღნიშნული მომენტი ხორვატებზე, რომლებთან თამაშიც დღეს საქართველოს ნაკრებს მოუწევს, ძალიან დამთრგუნველად იმოქმედებდა, თუმცა, ერთიცაა. ჩვენს მომავალ მეტოქეს გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაცია მართებს და საქართველოს ნაკრებთან წარმატებისთვის მაქსიმუმს გაიღებს. აღნიშნულის იმედი აქვს ხორვატების მე-14 ნომერ ლუკა ზორიჩსაც, რომელსაც ესპანელებთან მარცხის შემდეგ გავესაუბრეთ. სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ცენტრი ძალიან უხასიათოდ იყო, თუმცა, კომენტარზე უარი არ უთქვამს.

“რა უნდა ვთქვა. საშინლად ვითამაშეთ. ჩვენი ქომაგების რეაქციაც მოსალოდნელი იყო. ევროპის ჩემპიონატის ასეთ სტარტს ნამდვილად არ ველოდით. ესპანეთთან ფავორიტები არ ვყოფილვართ, თუმცა, როდესაც მატჩში 40 ქულას აგდებ, ამით ყველაფერი ნათქვამია”.

და რას ელიან ხორვატები საქართველოსთან მატჩისგან? ზორიჩს ხალისი მომავალ თამაშზე საუბრის დროსაც არ შეტყობია. “საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მართალი გითხრათ, პოლონეთთან თქვენების ასეთ იოლ გამარჯვებას არ ველოდი. ანგარიში ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალიან მძიმე მატჩი გველის, არადა უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. საქართველოსთან წაგებით ხომ ფაქტობრივად ევრობასკეტს მიღმა ვრჩებით”.

მომავალ შეხვედრაში ხორვატების ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილი მანუჩარ მარკოიშვილი იქნება, რომელთანაც ზორიჩს ძველი ნაცნობობა აკავშირებს. 2005-2006 წლების სეზონში ხორვატი და ქართველი კალათბურთელები ლიუბლიანის “ოლიმპიაში” თანაგუნდელები იყვნენ და მას შემდეგ კარგ მეგობრებადაც დარჩნენ.

“მანუ” ჩინებული კალათბურთელია და ამასთან, ძალიან კარგი პიროვნება. ახლაც უმაღლეს დონეზე თამაშობს და მასთან ერთად გატარებულ პერიოდი კარგად მახსენდება. ცხადია, მომავალ შეხვედრაში მას ძალიან ვუფრთხით. თუკი მარკოიშვილს სროლა წაუვიდა, მისი შეჩერება რთული იქნება”, - დასძინა ზორიჩმა.

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.117709