2012 წლის 27 აგვისტოს ლუკა მოდრიჩმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა მადრიდის “რეალთან” და “სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველი სეზონიც გაატარა. ხორვატი შუახაზელი ესპანელ ჟურნალისტს კასტილიის დედაქალაქში გატარებულ პერიოდსა და სამომავლო პერსპექტივაზე მოუთხრობს.
- რამდენად კმაყოფილი ხართ მადრიდის “რეალში” გატარებული პირველი სეზონით?
- სამწუხაროდ ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერა დივიზიონში დასახული ამოცანა ვერ შევასრულეთ. ეს სამწუხაროა. ერთადერთი, რაც გუნება-განწყობას გვიუმჯობესებს ისაა, რომ ესპანეთის სუპერთასისთვის ბრძოლაში “ბარსელონა” დავამარცხეთ.
- საკუთარ თამაშზე რას გვეტყოდით?
- “რეალთან” ერთად წინასასეზონო მზადება არ ჩამიტარებია, ამიტომაც თავდაპირველად გამიჭირდა და მაყურებელს ის ვერ ვუჩვენე, რასაც ჩემგან ელოდნენ. აკლიმატიზაციის გავლის შემდეგ კი მოვუმატე და უკეთაც ავთამაშდი. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა ვისვენებ, ძალას ვიკრებ და სრულფასოვანი წინასასეზონო ეტაპის გავლის შემდეგ ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდები.
- ახალ თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტად რომელმა მათგანმა მოგხიბლათ?
- პასუხი ცალსახაა – კრიშტიანუ რონალდუმ. გასაოცარია ის ჟინი, რომლითაც პორტუგალიელი ვარჯიშის და თამაშის დროს ყველასგან გამოირჩევა. მისაბაძია, მისი საქმისადმი უაღრესად მაღალი პროფესიული მიდგომა. კრიშტიანუს გარდა, გამოვყოფდი ჩაბი ალონსოს, მესუთ ოზილს, კარიმ ბენზემას. მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელებია.
- როგორ გგონიათ, კრიშტიანუ “რეალთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს?
- უეჭველად, რონალდუ ჩვენთან დარჩება.
- მადრიდის “რეალში” ჟოზე მოურინიომ აგიყვანათ. პორტუგალიელის წასვლის შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” თქვენდამი დამოკიდებულება შეიცვლება?
- ჩემი კასტილიაში გადასვლა მართლაც რომ სეუ ჟოზეს დამსახურებაა. ახლა ყველაფერი თავად ჩემზეა დამოკიდებული. მალე “რეალს” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და თუკი საკუთარ საფეხბურთო თვისებებს სრულად გამოვავლენ, არანაირი სირთულე არ შემექმნება. ფეხბურთელობა ჩემი პროფესიაა და ვფიქრობ, საქმეს ურიგოდ არ ვასრულებ. ჟოზე მოურინიოს რაც შეეხება, იგი მხოლოდ დადებითი სიტყვებით მსურს მოვიხსენიო. ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იყო მასთან თანამშრომლობა.
- მაინც რა ისწავლეთ მისგან?
- მოურინიომ შთამინერგა, რომ მატჩის მსვლელობის დროს კიდევ უფრო მეტად აგრესიული უნდა ვიყო და მატჩისთვის განკუთვნილი პირველიდან ბოლო წუთამდე ფიზიკური და სათამაშო შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო. პორტუგალიელმა კარგად იცის, როგორ გამოამჟღავნებინოს ნებისმიერ მოთამაშეს საფეხბურთო ნიჭი. თუკი გუნდის რომელიმე წევრი ბოლომდე არ იხარჯება, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. მოურინიო ფეხბურთელს მუდამ ტონუსში ამყოფებს.
- 2013-14 წლების საფეხბურთო სეზონს მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაატარებთ?
- ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი. დიდი სურვილი მაქვს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში განვაგრძო ასპარეზობა. ჩემთვის უდიდესი პატივია “ბლანკოსის” მაისურის ტარება.
- ხორვატიაში მეტად ექსპანსიური გულშემატკივრები არიან, მაგრამ ისეთი სურათი თუ გინახავთ ტრიბუნებზე, რაც “რეალისა” და “დორტმუნდის” განმეორებითი ნახევარფინალის მსვლელობისას ხდებოდა?
- ბევრი ქვეყნის ფანები მინახავს, მაგრამ მადრიდელ გულშემატკივრებს ვერავინ შეედრება. დორტმუნდელებთან მატჩის წინ გასახდელში შესვლამდე 100 მეტრის გავლას 20 წუთი მოვანდომეთ. ეს მომენტი მობილურ ტელეფონზე ჩაწერილი მაქვს. დაუვიწყარი რამ ხდებოდა! ამის ფონზე კიდევ უფრო გულდასაწყვეტია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ ვერ გავედით. არადა, რა ცოტა დაგვაკლდა...
- ყველა მიუთითებს, რომ “რეალის” მომდევნო დამრიგებელი კარლო ანჩელოტი იქნება. დაახლოებით წლის წინათ მან განაცხადა, რომ მოდრიჩი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელიაო. ანჩელოტისთან მუშაობის განსაკუთრებული სურვილი გაქვთ?
- როდესაც ასეთი დონის სპეციალისტი შეგაქებს, ბევრს ნიშნავს. რასაკვირველია, ანჩელოტისთან მუშაობა მინდა. ისე კი, ნებისმიერი მწვრთნელისგან ბევრს ვსწავლობ და თუკი სინიორ კარლოს ნაცვლად სხვა დამრიგებელი დაგვინიშნეს, მასთანაც სიამოვნებით ვითანამშრომლებ.
- “რეალს” თქვენი ყოფილი პარტნიორს გარეთ ბეილის გადაბირება უნდა. პირადად თქვენ უელსელში 90 მილიონ ევროს გადაიხდიდით?
- რთული სათქმელია. მე და გარეთი მეგობრები ვართ და იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ბეილი ნებისმიერ კლუბს გააძლიერებს. მისი დარტყმა, ენერგია, შემტევი პოტენციალი შთამბეჭდავია. სატრანსფერო თანხა კი ჩემი განსასჯელი არაა.