საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ სალაძე გახდა, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ნუგზარ სხირელი გაწვრთნის. ამის შესახებ განცხადება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკა კურტანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, მწვრთნელთა კანდიდატურები შეათანხმა სამეთვალყურეო საბჭოსთან.
როგორც ცნობილია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის ითხოვდა დაენიშნათ ნაკრებთა მწვრთნელები, რადგაც სპორტსმენებს ვარჯიში განეახლებინათ და მომავალ შეჯიბრებს მომზადებული შეხვედროდნენ.
ლუკა კურტანიძე (ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი): “ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნაკრებმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში. ჩვენ მზად ვართ განაწყენებულ ადამიანებთან ვისაუბროდ, მხოლოდ იმაზე, რომ სპორტსმენებმა აკეთონ თავისი საქმე. მზად ვართ სპორტის სამინისტროსთან ერთად, მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ სპორტსმენებს.”
ნუგზარ სხირელი: “ორიენტაცია ისევ იმავე შემადგენლობაზე მექნება. ერთ წონაში შეცდომით იყო მოჭიდავე დაყენებული და ალბათ შეიცვლება”.
მიხეილ სალაძე: “არავისთან არ ვაპირებ დაპირისპირებას. ვისაც უნდა ნაკრების ღირსების დაცვა და ქვეყნის შენებაში ერთი აგურის დადება, კეთილი ინებოს, მოვიდეს და ივარჯიშოს.”
მწვრთნელები ხვალიდან შეუდგებიან მუშაობას, მათი მთავარი მიზანია ნაკრები ოპტიმალურ ფორმაში იყოს რუსეთში გასამართ ევროპის თასზე.
ლაშა ქოიავა