ჭიდაობა

13:52 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “ზურაბ კახაბრიშვილს აქვს ინფორმაცია, ვინ დააშვებინა მოჭიდავეებს შეცდომა”

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს ხვდება. სასაუბრო თემა რა თქმა უნდა ქართველი მოჭიდავეების დოპინგ-სკანდალში გახვევაა. შეგახსენებთ, ორიოდ თვის წინ, რუსეთში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირის დროს აღებულმა სინჯებმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, ევროპის ჩემპიონ გიორგი ედიშერაშვილისა (55 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან არაბულის (120 კგ) სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა სამინისტროში მისვლამდე “მსოფლიო სპორტის” შეკითხვებს უპასუხა.

- როდის შეიტყვეთ, რომ ნაკრების წევრებმა აკრძალული პრეპარატები მიიღეს?

- გუნდთან ერთად ბორჯომის შეკრებაზე ვიყავი. გუშინწინ ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ჩამოვიდა და შეგვატყობინა, რომ ორი სპორტსმენი დოპინგ-სკანდალშია გახვეული. უმკაცრესი საუბარი ჰქონდა მოჭიდავეებთან და ალბათ ამასთან დაკავშირებით თავადაც გააკეთებს განცხადებას.

- უკვე დადასტურდა, რომ სპორტსმენებმა წესი თვითნებურად დაარღვიეს?

- როგორც ვიცი, კახაბრიშვილს აქვს ინფორმაცია, ვინ დააშვებინა მათ ეს შეცდომა და სავარაუდოდ უმკაცრეს გადაწყვეტილებასაც მიიღებს. თუმცა ეს ნებით მოხდა თუ უნებლიედ, უკვე დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. პროფესიონალი სპორტსმენი მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს და მსგავსი დაუფიქრებელი ნაბიჯი არ უნდა გადადგას. ფედერაცია, სპორტის სამინისტრო და მთლიანად ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სპორტსმენებს იდეალური პირობები შეუქმნას. თითოეული მათგანი საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და ნებისმიერი ვიტამინის თუ დანამატის მიღებისგან თავი შეიკავოს. ეს დანაშაულია არა მარტო გულშემატკივრების და ქვეყნის, არამედ საკუთარი თავის წინაშე.

- შევიტყვეთ, რომ სპორტსმენები დამატებით სინჯს არ ითხოვენ. გამოდის, ბედს შეეგუენ და ორწლიანი დისკვალიფიკაციაც გარდაუვალია?

- როგორც ვიცი, ჯერ კიდევ არსებობს მძიმე სასჯელის თავიდან აცილების შანსი. საბოლოო პასუხს გერმანიის ლაბორატორიიდან 20 იანვარს შევიტყობთ. თუ მხოლოდ მსუბუქი დარღვევა დაფიქსირდა, მაშინ გამორიცხული არაა, სპორტსმენებს გაფრთხილება ან შედარებით მოკლევადიანი სასჯელი აკმარონ.

- ედიშერაშვილი და არაბული ნაკრებთან ერთად ვარჯიშს აგრძელებენ?

- შეკრებაზე არიან. იმხელა ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს, სანქციების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ. დაველოდებით საბოლოო დასკვნას და შემდეგ გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ.

- დაახლოებით რამდენი პროცენტია 2-წლიანი დისკვალიფიკაციისგან გადარჩენის შანსი?

- ვერ გეტყვით. ერთი პროცენტიც რომ იყოს, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

0.115483