სანაკრებო ბატალიების შემდეგ, წინა პლანზე საკლუბო ასპარეზობები იწევს. მალე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები შედგება და პოპულარული გამოცემა - “მარკა” ამ თემაზე სასაუბროდ პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს დაუკავშირდა. ჩვენი ესპანელი კოლეგების არჩევანი არავის აკვირვებს, ფიგუს ხომ “ბარსელონაშიც” უთამაშია, “რეალშიც” და “ინტერშიც”, სადღეისოდ კი მილანელთა კლუბში მუშაობს.
- უპირველესად, “ინტერის” სამეოთხედფინალო მოწინააღმდეგე “შალკე” დაგვიხასიათეთ...
- როდესაც კლუბში შესაძლო მეტოქეებზე ვბჭობდით, ერთხმად აღვნიშნავდით, რომ “შალკე” სასურველი მოწინააღმდეგე იქნებოდა. თუმცა, ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს, რომ გელზენკირხენულ კლუბს არ ვაფასებთ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე სუსტი გუნდი ვერ გააღწევს.
- მოწინააღმდეგის მოთამაშეთაგან ყველაზე მეტად, ალბათ, მის ესპანელ ფორვარდს უფრთხით...
- დიახ, ასეა. რაულს უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩემი აზრით, მას ორი მეურვე უნდა გამოეყოს.
- ყოფილ თანაგუნდელს კენჭისყრის შემდეგ თუ შეეხმიანეთ?
- სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო ვერ შევძელი რაულთან დარეკვა. თქვენი მეშვეობით კი, მსურს, რომ შევუთვალო, მისი არ გვეშინია (იცინის).
- როგორ გგონიათ, რის ხარჯზე ახერხებს გონსალეს ბლანკო ამდენი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშს?
- რაული ყოველთვის გამარჯვებისკენაა მიმართული და წარმატება არ ბეზრდება. შარშან ზაფხულიდან მან საფეხბურთო კარიერის მეორე ეტაპი დაიწყო და წარმატებულადაც.
- მადრიდის “რეალის” მოწინააღმდეგე “ტოტენჰემზე” რას გვეტყოდით?
- ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის გამოცდილება არ აქვთ, სამაგიეროდ, შემადგენლობაში სწრაფი და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. გასვლაზე “რეალს” გაუჭირდება, “უაით ჰართ ლეინზე” “დეზებიან მამლებს” აქტიური მხარდაჭერა გარანტირებული ექნებათ.
- სამეოთხედფინალო კენჭისყრისას “ბარსელონას” რამდენად გაუღიმა ბედმა?
- “შახტარი” ყოველწლიურად ძლიერდება. მის რიგებს მაღალი კლასის ბრაზილიელი მოთამაშეები იცავენ, რომლებსაც ეფექტური და საიმედო თამაში შეუძლიათ. დონეცკელებს კატალონელებთან შედარებით, ნაკლები გამოცდილება აქვთ. ამის გამო, “ბარსა” ამ წყვილში ფავორიტია.
- სავარაუდოდ, ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ “რეალი” და “ბარსელონა” წარსდგებიან. როგორ გგონიათ, “საჩემპიონთალიგო კლასიკოს” რომელი მათგანი მოიგებს?
- ჯერ ნახევარფინალის საგზურია მოსაპოვებელი... თუკი ხსენებული ნახევარფინალი შედგა, ყველაფერია მოსალოდნელი. 2002 წელს “ბარსამ” “რეალთან” სწორედ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი დათმო და რევანშისთვის იბრძოლებს. არც “რეალი” იქნება გულხელდაკრეფილი – ჩემი აზრით, ორი მატჩის ჯამში მადრიდელებს ბარსელონელების დამარცხება ხელეწიფებათ. შეუძლებელია, წინასწარ გამოვიცნოთ გამარჯვებული, მხოლოდ იმას გეტყვით დანამდვილებით, რომ მაყურებელი ორ ულამაზეს მატჩს იხილავს.
- თქვენი აზრით, “ინტერს” კიდევ ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება შეუძლია?
- “ნერაძურის” საკუთარი ძალისადმი რწმენა არ აკლია და ბიჭებმა იციან, არავის რომ არ ჩამოუვარდებიან. შარშან სწორედ ამან მოგვაპოვებინა გამარჯვება, წელსაც იგივეს შევეცდებით.
გოჩა კაჭარავა