პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი ვარსკვლავი ლუიშ ფიგუ ამასწინათ ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, სადაც 9 ივნისს ჩასატარებელი საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით მოწყობილ პრეზენტაციას დაესწრო. მოახლოებული საჩემპიონთალიგო ნახევარფინალის წინ ჟურნალისტებმა ევროპის უპირველესი საკლუბო საფეხბურთო ტურნირის 2002 წლის გამარჯვებულ ფიგუს რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
- 9 ივნისს საქველმოქმედო შეხვედრაში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება. მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ერთმანეთს “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” ვეტერან ფეხბურთელები შეხვდებით ერთმანეთს. როგორი განწყობით გახვალთ კიდევ ერთხელ “ბერნაბეუს” მინდორზე სათამაშოდ?
- “სანტიაგო ბერნაბეუს” არენას ყოველთვის მშობლიურ სარბიელად ვთვლიდი – აქ ხომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ამასთან, დიდ სიამოვნებას მგვრის საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. შესანიშნავი გრძნობაა, როცა გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს დახმარებას უწევ.
- კარსმომდგარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ასპარეზობების წინ ამ თემას გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით. “რეალი” დორტმუნდის “ბორუსიას” ბარიერს გადალახავს?
- იმედი მაქვს, მადრიდელები ფინალში გავლენ. ჟოზე მოურინიოს გუნდს სათანადო რესურსი გააჩნია “დესიმას” მისაღწევად. ისე კი, ორივე ნახევარფინალურ წყვილში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი და წინასწარ შედეგის განჭვრეტა რთულია.
- “ბაიერნი-“ბარსელონას” წყვილში ფავორიტად რომელ გუნდს მიიჩნევთ?
- კატალონელებსა და ბავარიელებს მეტად კარგი გუნდები ჰყავთ და ჩემი აზრით, ორივეს ფინალში გასვლის თანაბარი შანსი აქვს. ვფიქრობ, ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტენ. გაიმარჯვებს ის, რომელიც კონკრეტულ მატჩს ოდნავ უკეთეს მზადყოფნაში შეხვდება.
- როგორ გგონიათ, ჟოზე მოურინიო მომავალ სეზონშიც “რეალის” მთავარი მწვრთნელი იქნება?
- ამაზე უმჯობესია თავად მოურინიოს ჰკითხოთ. მისი სამომავლო გეგმების თაობაზე ინფორმირებული არ გახლავართ.
- საუბრობენ მოურინიოს გუნდიდან წასვლის თაობაზეც. ეს ხმები “რეალს” დასახული ამოცანების რეალიზებაში ხელს უშლის?
- ვერც ამაზე გაგცემთ პასუხს. მე ხომ “რეალში” არ ვმუშაობ და გუნდში მიმდენარე პროცესებში ჩახედული არ ვარ. “ბლანკოსი” უდიდესი ისტორიის სახელოვანი გუნდია და მისი წარმატებების ხანა არც მოურინიოს წასვლის შემთხვევაში შეწყდება. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ჟოზე მადრიდში დარჩება.
- პირდაპირ გვიპასუხეთ, “რეალი” “დესიმას” შესასრულებლად მზადაა?
- “ბლანკოსს” საამისოდ კარგი მომენტი აქვს და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას.
- ბოლოს კრიშტიანუ რონალდუზე გკითხავთ. იგი დიდხანს დარჩება “სანტიაგო ბერნაბეუზე”?
- ამ კითხვაზეც ისეთსავე პასუხს გაგცემთ, როგორც მოურინიოს შემთხვევაში – სხვის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. მხოლოდ ისღა შემიძლია გითხრათ, რომ კრიშტიანუ ბრწყინვალე ფეხბურთელია. მან და “რეალმა” სამომავლო ურთიერთობების ხასიათი თავად უნდა გადაწყვიტონ.