სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

9:35 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუიშ ფელიპე სკოლარი: “ბრაზილიაში გასამართი ჩემპიონატის მოგება ჩვენი ვალდებულებაა”

 ბრაზილიელი საფეხბურთო დამრიგებლის ლუიშ ფელიპე სკოლარის მიღწევებით თანამედროვე სპეციალისტთაგან სულ რამდენიმე სპეციალისტიღა თუ დაიკვეხნის. საკლუბო დონეზე მან ორ გუნდთან ერთად მოიგო ლიბერტადორესის თასი, სანაკრებო დონეზე კი ჯერ ბრაზილიას მეხუთედ მოაპოვებინა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული (2002), შემდეგ კი პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა (2004). გერმანიის მუნდიალის დასრულებიდან რამდენიმე თვეში სეუ ლუიშს “ჩელსის” გაწვრთნა მიანდეს, თუმცა, რომან აბრამოვიჩის კლუბს დიდხანს ვერ შერჩა და გარკვეული პერიოდი უმუშევარი დარჩა. შემდეგ სკოლარიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და უზბეკური “ბუნედკორის” გაძღოლას დაჰყაბულდა. 2009 წელს გუნდს უზბეკეთის ჩემპიონატში გაამარჯვებინა, 2010 წელს კი “ფელიპაუ” სამშობლოში დაბრუნდა, ჯერ “პალმეირასი” ჩაიბარა (2012-ში გუნდს ბრაზილიის თასი მოაგებინა), შარშან კი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სათავეში დაბრუნდა და წლეულს “სელესაოს” კონფედერაციათა თასზე გაამარჯვებინა.

 - ბრაზილია მუნდიალ2014-ის ფავორიტად ითვლება. თქვენც ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?

- ამჟამად, ჩვენ ფავორიტები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ეს სტატუსი ტურნირის მიმდინარეობისას უნდა მოვიპოვოთ. გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო, არ შეიძლება თუნდაც მეორე დაკმაყოფილდეს. მეტოქეებს რაც შეეხება, გერმანიასა და იტალიას უკვე კარგად ორგანიზებული და განახლებული გუნდები ჰყავთ. ტრადიციულად, კარგ ფეხბურთს აჩვენებენ არგენტინელებიც. ეს ნაკრებები სხვებზე მაღალ დონეზე არიან. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები დიდი ხანია, ერთად თამაშობენ, მაგრამ ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნებიან მომავალ წელს. მაღალ დონეზეა ჰოლანდიის ნაკრებიც. ყველა ბრაზილიელმა ერთი რამ უნდა გაითავისოს - საკუთარ კედლებში გასამართი ჩემპიონატის მოგება ეროვნული გუნდის ვალდებულებაა.

- მუნდიალამდე დარჩენილი დროის განმავლობაში რა მიმართულებით აპირებთ მუშაობას?

- ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ვპოულობთ სუსტ მხარეებს და სამომავლოდ მათ აღმოფხვრაზე ვმუშაობთ. წინ რთული გზა გველის, მაგრამ ვმუშაობთ და რაც მთავარია, სწორ გზას ვადგავართ.

- გულშემატკივრები ნეიმარსა და მესის ერთმანეთს ადარებენ. თქვენი სიმპათია რომლისკენ იხრება?

- ვფიქრობ, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც იქნება, ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით ეს პერიოდი. არგენტინელი არა მხოლოდ გუნდზე თამაშობს, არამედ ფლობს საოცარ ინდივიდუალურ ოსტატობას. მას შეუძლია თამაშის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. ნეიმარს “ბარსელონაში” შეეძლება სრულად წარმოაჩინოს საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობები და რაღაც-რაღაცეები ისწავლოს მესისგან. მისი პირველი წელიწადი ესპანეთში იქნება სწავლების და ადაპტაციისა ახალი ტაქტიკური სქემის მიმართ. ბრაზილიაში ტაქტიკაზე იმდენს არ ვფიქრობთ, რამდენსაც ევროპაში და ნეიმარს ამასთან შეგუება მოუწევს. ნეიმარს შეუძლია ისწავლოს და პრიმერაში და ჩემპიონთა ლიგაზე იმაზე მაღალ დონეზე ითამაშებს, ვიდრე ბრაზილიაში.

- პორტუგალიის ნაკრებში მუშოაბისას კრიშტიანუ რონალდუს წვრთნიდით. ყველაზე მეტად მისი რომელი თვისება მოგწონდათ?

- კრიშტიანუ 17 თუ 18 წლისა იყო, როცა პირველად მივიწვიე ნაკრებში და უკვე მაშინ რონალდუ ჩამოყალიბებული ფეხბურთელი გახლდათ. მან ყოველთვის იცოდა, რა სურდა და როგორ მიეღწია დასახული მიზნისათვის. ყოველთვის ყურადღებით მისმენდა, ბევრს მუშაობდა და სამწვრთნელო პროცესს იშვიათი სერიოზულობით უდგებოდა.

- თქვენ ყოველთვის ხაზგასმით ამბობდით, რომ ფეხბურთელისთვის მოტივაცია უმთავრესია. ახლაც ამავე აზრზე რჩებით?

- ფეხბურთელი მინდორზე მხოლოდ ხელფასის გულისთვის არ უნდა გადიოდეს. ნებისმიერი მაღალი კლასის მოთამაშე ყოველ მატჩში იმის დამტკიცებას უნდა ცდილობდეს, საუკეთესო რომაა.

- გამოდის ვარსკვლავებთან მუშაობისას მწვრთნელზე ბევრი რამ დამოკიდებული არაა?

- დამრიგებელი ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში კარგად უნდა გაერკვეს. სულაც არაა აუცილებელი პლანეტის საუკეთესო მწვრთნელი მუშაობდეს ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდში. უპირველესად მტკიცე ხასიათია საჭირო. 2002 წლის მუნდიალის მსვლელობისას შევამჩნიე, რომ რივალდო და რონალდო ტურნირის ბომბარდირის ტიტულისთვის იბრძოდნენ და ხანდახან, ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი პარტნიორისთვის გადაცემის გაკეთების ნაცვლად თავად ცდილობდნენ კარის დალაშქვრას. ერთხელაც გასახდელში ორივე გვერდზე გავიხმე და მკაცრი ტონით ვუთხარი, თუკი ამგავარად გააგრძელებთ თამაშს, ერთ-ერთს სკამზე დაგსვამთ და ჯერ არ გადამიწყვეტია, რომელს მოგიწევთ სათადარიგოთა შორის ყოფნა. ამგვარმა შეგონებამ გაჭრა, ბრაზილიამ კი მუნდიალი მოიგო.

- 3 კონტინენტზე გიმუშავიათ. რა სხვაობას ხედავთ ევროპულ, სამხრეთამერიკულ და აზიურ ფეხბურთს შორის?

- ევროპაში ყველაზე დიდი ყურადღება ტაქტიკური სქემების შემუშავებასა და მათ დანერგვას ეთმობა. სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთელები უფრო შემოქმედებით მხარეს აქცევენ ყურადღებას და აქედან გამომდინარე, მინდორზე იმპროვიზაციაც მეტია. დონეს რაც შეეხება, ძნელი სათქმელია, წინ ევროპაა თუ სამხრეთ ამერიკა, აზიის ფეხბურთი კი ორივეს ჩამორჩება. აი, მსგავსებას რაც შეეხება, აზიელები თამაშის მანერით ლათინური ამერიკის წარმომადგენელ ფეხბურთელებს ჩამოჰგავენ.

- უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ფეხბურთი ძლიერ შეიცვალა?

- თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო და უფრო დიდ როლს ბიზნესი თამაშობს. სპორტის ამ სახეობას ბევრი ფულის საკეთებელ სფეროდ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, მოთამაშეთა დენადობაც მაღალია და ხელფასებმაც ასტრონომიულ რიცხვებს მიაღწია. ისე კი ფეხბურთი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყრელი ნაწილია და მისი გამოცალკევებით განხილვა არ შეიძლება. მეცნიერება, ტექნოლოგიები და მარკეტინგი განუხრელად წინ მიდის და ფეხბურთიც მათ მხარს უბამს. ძალიან ამაღლდა სამწვრთნელო დონეც. სადღეისოდ, გუნდში დამრიგებლის როლი ერთი-ორადაა გაზრდილი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.140208