მიმდინარე სატრანსფერო სეზონის მსვლელობისას არაერთხელ ითქვა, რომ “სევილიას” ბრაზილიელი ფორვარდით, ლუიშ ფაბიანუთი არაერთი ევროგრანდი იყო დაინტერესებული და ანდალუსიელთა შემტევი, ახალი სეზონიდან კლუბს გამოიცვლისო. საბოლოოდ, ასე არ მოხდა. რამდენიმე დღის წინ ლუიშ ფაბიანუმ დაადასტურა ესპანეთის სამხრეთში რომ რჩება, რაც კიდევ ერთხელ, AS-ის მკითხველთათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
- მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კარგახნიანი პაუზა გამოგივიდათ. მინდორზე პირველად მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, “ბოლონიასთან” ტესტ-მატჩის დროს გამოჩნდით. როგორ ფორმაში ხართ?
- დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, მონდომებით ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს დრო საკმარისი არაა, აუცილებელი კონდიციის მისაღწევად. ჯერჯერობით, თამაშის რიტმის “დაჭერას” ვერ ვახერხებ. თუმცა, ეს დროის ამბავია და სეზონის სტარტის წინ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვიქნები.
- სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე სელესაოს წარუმატებლობა, ბრაზილიის ნაკრების წევრებისთვის ფსიქოლოგიური შოკის ტოლფასი იყო. პირადად თქვენ, თუ მოახერხეთ აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსვლა?
- მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში დამარცხებამ დაგვრთგუნა, მაგრამ საფეხბურთო კარიერა, ერთი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი არაა. სპორტული ცხოვრება გრძელდება... ისე კი, უდიდესი სურვილი გვქონდა ფინალში გასვლის და გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელებთან შებმის. ამაზე ვოცნებობდით, მაგრამ დასახულ მიზანს ყოველთვის ვერ აღწევ. ალბათ, ესეცაა ფეხბურთის ერთ-ერთი მიმზიდველი ძალა. ხშირად, ყველაფრის თავიდან დაწყება გვიხდება.
- საკლუბო ამბებზე ვისაუბროთ. რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ დაადასტურეთ, რომ “სევილიაში” დარჩებით...
- დიახ, ჩემი საფეხბურთო მომავალი ანდალუსიურ კლუბს უკავშირდება. არასდროს გამივლია გონებაში “რამონ სანჩეს პისხუანიდან” წასვლა, ამიტომაც მიკვირს საიდან ჩნდებოდა საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც ამტკიცებდნენ, ლუიშ ფაბიანუ დღე-დღეზე სევილიიდან აიბარგებაო. მართალია, რამდენიმე წინადადება მქონდა, თუმცა, ნებისმიერი კლუბის ემისრებს კატეგორიული და მტკიცე უარით ვისტუმრებდი.
- კლუბთან მოქმედ კონტრაქტს ვადა 2011 წლის ზაფხულში ეწურება. რატომ არ ახანგრძლივებთ ხელშეკრულებას “სევილიასთან”? ეს ჭორის საფუძველს ბადებს...
- ახლა ახალი სეზონისთვის გაცხოველებული მზადება მიდის და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის დრო არაა. გარწმუნებთ, არცთუ შორეულ მომავალში, საამისო დროც დადგება. კლუბის ხელმძღვანელებთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და თავის დროზე, მათთან შეთანხმების მიღწევაც არ გაჭირდება.
- არც ისაა მართალი, შარშან ივლისში, თქვენი გადაბირება “მილანს” რომ სურდა და თითქოს, თქვენც ყაბულს იყავით, კარიერა “სან სიროზე” გაგეგრძელებინათ?
- ეს სიმართლეა, თუმცა, მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და “მილანის” ვარიანტი უკვე დავიწყებული მაქვს. აპენინელები ბევრს მპირდებოდნენ, საბოლოოდ კი პირი გატეხეს და მეც სევილიაში დავრჩი. “მილანი” დიდი კლუბია, მაგრამ იქ გადასვლა, ჩემთვის უკვე უკანმოუბრუნებელი წარსულია.
- “ბარსელონამ” დავიდ ვილიაში 40 მილიონი ევრო გადაიხადა, თქვენს სანაცვლოდ კი, “მილანი” 9 მილიონის გადარიცხვას თანხმდებოდა...
- ასეთია ფეხბურთი. უკვე 29 წლის ვარ და როდესაც მოლაპარაკება იწყება, ეს ფაქტორი, ეტყობა, თავის როლს თამაშობს. თუმცა, სულაც არ მგონია, პლანეტის ნებისმიერ ფორვარდს სათამაშო დონით რომ ჩამოვუვარდები.
- თქვენი აწ უკვე ყოფილი პარტნიორი ადრიანუ, “ბარსე-ლონაში” გადავიდა. მასთან საუბარი თუ გქონდათ?
- ადრიანუ თავად შემეხმიანა და გახარებულმა მითხრა, “კამპ ნოუზე” გადასვლით ბედნიერი ვარო. იგი ისე აჟიტირებული მესაუბრებოდა, სიტყვებს ძლივს არჩევდა.
- დანი ალვეში და ადრიანუ “ბარსელონაში” თამაშობენ, თქვენ “სევილიაში” დარჩით. გული არ გწყდებათ?
- საკუთარი კარიერით კმაყოფილი ვარ! დიდი მადლობა მსურს ვუთხრა “სევილიას” და მის ერთგულ გულშემატკივრებს – მათ ბედნიერი მომენტი მრავალჯერ განმაცდევინეს. გულის დაწყდომას რაც შეეხება, ადრიანუ ძმასავით მიყვარს და რატომ უნდა შემშურდეს მისი...
- რას შესძენს ჟოზე მოურინიო ესპანურ პრიმერა დივიზიონს?
- მას, განუზომლად დიდი ავტორიტეტი სავსებით დამსახურებულად აქვს მოხვეჭილი. პორტუგალიელს პირადად არ ვიცნობ, მისი დამოძღვრილი გუნდების სათამაშო სტილი კი მომწონს. მის თაობაზე მაიკონსა და ლუსიუს ვესაუბრე, ისინი მოურინიოზე სასწაულებს ჰყვებიან.
- ბოლოს და ბოლოს, მაიკონი “რეალში” გადავა?
- თუკი, მადრიდელები ძალიან მოინდომებენ, მათ წინ არაფერი დაუდგებათ. თითქოს მაიკონსაც სურს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ასპარეზობა. თუმცა ერთიცაა, ეს ტრანსფერი გაჯანჯლდა და სადღეისოდ, უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაიკონი, მინიმუმ, კიდევ ერთ სეზონს “ინტერში” რომ გაატარებს.
- სელესაოს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს. რას გვეტყოდით ბრაზილიელთა დამრიგებელ მენეზეშზე?
- საკლუბო დონეზე მისი მუშაობა აღტაცებას იწვევს. განსაკუთრებით წარმატებით, მენეზეშმა “კორინთიანსში” იმუშავა. ბრაზილიის ნაკრები საიმედო ხელშია.
- ნაკრებში გამოძახების იმედი გაქვთ?
- რატომაც არა. მთავარია, კლუბში კარგად ვითამაშო. არ მგონია, მენეზეშმა გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოსულ მოთამაშეებს კიდევ ერთი შანსი არ მოგვცეს. დარწმუნებული ვარ, სამუნდიალე განაცხადში შესულ ფეხბურთელთა უმრავლესობა სელესაოში დარჩება.
- ჩენი საუბრის ბოლოს, შესაძლებლობას გაძლევთ მიმართოთ “სევილიას” ერთგულ ქომაგებს...
- “სევილია” “ბარსელონას” და “რეალს” ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. კარგი ფეხბურთელები გვყავს, ამბიციურები და წარმატებასაც მივაღწევთ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ