ფეხბურთი

13:39 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ვან გაალი: “სიტუაციაში ბოლომდე გასარკვევად დაახლოებით თვე დამჭირდება”

 მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლუის ვან გაალმა დასვენებაზე უარი თქვა, ბრაზილიიდან პირდაპირ მანჩესტერში ჩაფრინდა და “იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ინტერვიუ მისცა საკლუბო ტელეარხს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 - მანჩესტერში პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატიდან ჩამოხვედით. რა ახალი გამოცდილება შეგძინათ ბრაზილიის მუნდიალმა?

- მსოფლიოს ჩემპიონატზე მწვრთნელის რანგში მუშაობა ჩემი ოცნება იყო, რომელიც ავიხდინე. 12 წლის წინათ მქონდა შანსი ჰოლანდიის ნაკრებს მუნდიალზე გავძღოლოდი, მაგრამ მაშინ ეს არ მოხერხდა. ჩემი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ - მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 მატჩი ჩავატარეთ და ძირითად დროში თამაში არ წაგვიგია. შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ, არადა, პირველობის წინ ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, ჰოლანდიის ნაკრები საბოლოოდ მესამე ადგილს რომ დაიკავებდა. ყველაზე მეტად კი ის მახარებს, ჰოლანდიელ ქომაგთა იმედი რომ გავამართლეთ. ამიერიდან “მანჩესტერ იუნაიტედზე” გადავერთვები და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, ნაჩვენები თამაშითა და შედეგით გუნდის გულშემატკივრები კმაყოფილები რომ დარჩნენ.

- ქომაგთათვის ერთი სასიხარულო რამ უკვე გააკეთეთ - თანაშემწედ რაიან გიგზი აირჩიეთ. ღაა ამ გადაწყვეტილების საბაბი?

- ნებისმიერ გუნდში ასისტენტად იმ ადამიანს ვირჩევდი, რომელიც კარგად იცნობს კლუბის სპეციფიკას, კულტურას. ეს მეტად მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია. შეუძლებელია ინგლისში ჩამოხვიდე და ნისლიან ალბიონზე ჰოლანდიური საფეხბურთო სკოლის დანერგვა დაიწყო. თუკი ამას ვინმე შეეცდება, ფიასკო გარდუვალია. რაიან გიგზე უკეთეს კანდიდატურას ვერ შევარჩევდი. იგი კარგად იცნობს “იუნაიტედის” ახალგაზრდული გუნდის სისტემასაც და ნორჩი ტალანტების მოძიებაშიც დიდად დამეხმარება. ჩემი მხრიდან კი გიგზს ყოველმხრივ დავეხმარები, რათა სამომავლოდ მაღალი რანგის მწვრთნელად ჩამოყალიბდეს.

- სანამ ცვლილებების განხორციელებას შეუდგებოდეთ, ფეხბურთელების შესაძლებლობებს საფუძვლიანად უნდა გაეცნოთ...

- კარგად ვიცი, როგორ თამაშობდნენ მანჩესტერელი ფეხბურთელები ალექს ფერგიუსონის, დევიდ მოიესის, როი ჰოჯსონის მეთაურობით, მაგრამ ისინი სათითაოდ პირადად უნდა გავიცნო და გავიგო, იზიარებენ თუ არა ჩემ საფეხბურთო ფილოსოფიას. საამისოდ შეკრებები და წვრთნები არსებობენ. დაახლოებით თვე დამჭირდება სიტუაციაში ბოლომდე გასარკვევად. მხოლოდ ამის მემდეგ მექნება საფუძვლიანი საუბარი კლუბის ხელმძღვანელობასთან ამა თუ იმ მოთამაშის დამატების თაობაზე.

- ამერიკული ტურნეს მსვლელობისას სერიოზული მეტოქეები გეყოლებათ, ეს კი ახალი სეზონისთვის უკეთ მზადების საქმეში კარგად დაგეხმარებათ...

- ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ ფეხბურთელების ერთდროულად შეკრებას ვერ ვახერხებ. საერთოდ, ეს ყოველი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ხდება. წვრთნებზე ინდივიდუალურ მუშაობას მეტ ყურადღებას დავუთმობ და შევეცდები, მოთამაშეები დიდად არ დავტვირთო.

- რას ეტყოდით “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებს?

- ვამაყობ მათი საყვარელი კლუბის მთავარი მწვრთნელი რომ გავხდი და შევეცდები, მათი იმედი გავამართლო. გავიგე მომავალი სეზონის აბონემენტები უკვე სრულად გაიყიდა. ერთგული ქომაგების მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება და მათთან ერთად წარმატებების მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ.

0.117984