ფეხბურთი

18:00 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ვან გაალი: “მე და ფერგიუსონი ერთმანეთისადმი სიმპათიით ვართ განმსჭვალულები”

 “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ლუის ვან გაალმა პირველი ინტერვიუ ერთ-ერთ ჰოლანდიურ არხს მისცა. “ნარინჯისფერთა” ამჟამინდელი დამრიგებელი “ოლდ ტრაფორდზე” მუშაობას ოპტიმიზმით უმზერს და “წითელ ეშმაკებთან” ერთად მოწინავე პოზიციაზე დაბრუნებას გეგმავს. 

- რა მიზანი დაისახეთ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ?

- “მანჩესტერი” სასწრაფოდ იმ პოზიციას უნდა დაუბრუნდეს, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის დამრიგებლობისას ეკავა. “იუნაიტედი” პლანეტის ყველაზე წარჩინებული კლუბია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს მარკენტინგის თვალსაზრისით. ამას საკლუბო ბიუჯეტი ადასტურებს. გუნდმა მომავალი სეზონი პრემიერლიგის მწვერვალზე მყოფმა უნდა დაასრულოს. მესმის, რომ ჩემ პირველსავე სამწვრთნელო სეზონში ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ გამოწვევისთვის მზად ვარ.

- წინასასეზონოდ კლუბის ხელმძღვანელობა საკმარის სატრანსფერო თანხას გამოგიყოფთ?

- მთავარი არა ფულზე, არამედ ფეხბურთელებზე შეთანხმებაა. კლუბის მესვეურებს ის მოთამაშეები ჩამოვუთვალე, რომლებიც ახალ სეზონში მესაჭიროება. ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა მათ ხელში ჩაგდებას. ჯერჯერობით მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვისაუბრეთ, ვისი ტრანსფერიც რეალური მოსჩანს.

- სხვა რა თემებზე ესაუბრეთ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს?

- მათ ჩემეული ხედვა გავაცანი, ვუთხარი, რომელი სპეციალისტები მესაჭიროებიან სამწვრთნელო შტაბში. დავსახეთ სამომავლო გეგმა. ვფიქრობ, ჩემეულმა ხედვამ და გეგმამ ხელმძღვანელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

- სერ ალექს ფერგიუსონთან თანამშრომლობას აპირებთ?

- სერ ალექსთან ერთად რამდენიმე ჭიქას აუცილებლად გადავკრავ. ეს ადრეც რამდენჯერმე გაგვიკეთებია. საერთოდ, მე და ფერგიუსონი ერთმანეთისადმი სიმპათიით ვართ განმსჭვალულები.

- მისი მატჩებზე დასწრება თქვენთვის ფსიქოლოგიური წნეხი ხომ არ იქნება?

- არ მგონია ეს რაიმე სახის სირთულედ მექცეს. ყველაზე დიდი წნეხი ჩემთვის საკუთარი თავისადმი წაყენებული მაღალი მოთხოვნებია.

- რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადება?

- ორი ვარიანტი მქონდა. ან სამწვრთნელო კარიერა უნდა დამესრულებინა, ან ინგლისში გამეგრძელებინა სადამრიგებლო საქმიანობა. ჩემი მეუღლე პირველი ვარიანტისკენ იხრებოდა, მაგრამ საბოლოოდ ერთად ცინგლისში მივემგზავრებით. შახლის შერჩევა მას მივანდე და დარწმუნებული ვარ, კარგ არჩევანს გააკეთებს.

- შესაძლოა, დასახულ ამოცანას ვერ მიაღწიოთ და გუნდმა სასურველი თამაში და შედეგი ვერ აჩვენოს. მზად ხართ წარუმატებლობის შემთხვევაში გულშემატკივართა რეაქციისთვის?

- სპორტში ხან იგებ ხან აგებ. ჩემ შემთხვევაში მეორე ვარიანტი უფრო ნაკლებად ხდება ხოლმე. არც “ბაიერნში” და არც “მანჩესტერში” საკუთარი სურვილით არ დავნიშნულვარ. ორივე შემთხვევაში კლუბების წარმომადგენლები თავად დამიკავშირდნენ. ამით ვამაყობ.

0.112604