ინტერვიუები

18:57 | 18.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: “სამხრეთ აფრიკასთან მატჩი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ”

ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს, საფრანგეთთან (0:0) ნათამაშები ფრისა და სამხრეთ აფრიკის (3:0) დამარცხების შედეგად, ჯგუფური ეტაპის გადალახვის შანსი, 1986 წლის მუნიდიალის შემდეგ, პირველად მიეცა. ბოლო ტურში სამხრეთამერიკელებს მექსიკასთან ფრეც აძლევთ ხელს და 1/8-ფინალის საგზური გარანტირებული აქვთ.  ტურნირის მასპინძლებთან შეხვედრაში, რომელიც ფაქტობრივად გადამწყვეტი აღმოჩნდა, მშვენივრად იასპარეზე ამსტერდამის “აიაქსის” 23 წლის ფორვარდმა ლუის სუარესმა, რომელსაც მეტოქის კარი არ აუღია, მაგრამ პენალტი გამოიმუშავა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მატჩის მერე, სუარესი ჟურნალისტებთან საუბრისას ემოციებს არ მალავდა.
ლუის სუარესი: “რა თქმა უნდა, ყველანი ბედნიერნი ვართ. მსოფლიოს ამ ჩემპიონატზე  ურუგვაის ნაკრები ისეთი მეგობრული კოლექტივია, როგორც არასდროს. ამიტომ, ტემპი არ უნდა დავაგდოთ და არჩეულ გეზს არ უნდა გადაუხვიოთ. მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ამ ფორმაციის ურუგვაის ნაკრებს შორს წასვლა შეუძლია. არავინ იცის, შესაძლოა, ეს იმ დიადი გუნდის აღორძინებაა, რომელსაც საფეხბურთო სამყარო მსოფლიოს პირველი ჩემპიონატებიდან იცნობს”.
- წინ მექსიკასთან შეხვედრა გელით. ალბათ, მას სხვა სტილში ჩაატარებთ, რადგან ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც გყოფნით?
- პირველყოვლისა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ სამხრეთ აფრიკასთან მატჩი. მექსიკა არცთუ უბრალო მეტოქეა. მეტიც, ვიტყოდი, რომ მომავალი შეხვედრა უფრო რთული იქნება, ვიდრე საფრანგეთთან სასტარტო თამაში იყო.  
- მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი ჯერ არ გამოგიჩენიათ. ეს არ განერვიულებთ?
- მხოლოდ მაშინ, როდესაც ტაბლოზე ურუგვაის გასწვრივ ნოლი წერია. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. მირჩევნია, ამ ჩემპიონატზე გოლი საერთოდ არ გავიტანო, ოღონდ ჩემი გუნდი ფინალში გავიდეს.
- სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ალბერტო პარეირამ თქვენს მიერ გამომუშავებული პენალტი ეჭვქვეშ დააყენა. ამის თაობაზე რას იტყვით?
- პენალტი იყო. თუმცა, ამ ეპიზოდში გარკვევა ძნელია. კარგად მესმის პარეირა რატომ გაბრაზდა. თავდაპირველად, ჩემი პარტნიორებიც ვერ მიხვდნენ, რომ პენალტი იყო. მთავარი არბიტრი, ვიდრე თერთმეტმეტრიანისკენ მიუთითებდა, გვერდითს მოეთათბირა. მეშინოდა, რომ ბუზაკა პენალტს არ დადებდა. თუმცა, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.  
- მართალია ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხართ კონცენტირებული, მაგრამ თუ უნდა ველოდოთ ამ ზაფხულს ცვლილებას თქვენს საკლუბო კარიერაში – როგორც ცნობილია, სანქტ პეტერბურგის  “ზენიტს” თქვენი შეძენა ძალიან უნდა და “აიაქსს” დიდ თანხასაც სთავაზობს. ერთი პროცენტი მაინც თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ სათამაშოდ რუსეთში წახვიდეთ?
- კატეგორიულად გიპასუხებთ – რუსეთში ჩემი გადასვლის შანსი ნოლის ტოლფასია.
- რატომ?

- იმიტომ, რომ უფრო მიმზიდველი წინადადებები მაქვს. “ზენიტი” მდიდარი კლუბია და რუსეთში ძალიან ბევრი ფულის გამომუშავება შემიძლია. თუმცა, როდესაც შენი შეძენით ესპანეთისა და ინგლისის ტოპ-კლუბები არიან დაინტერესებული, სწორედ მათ შეთავაზებას უნდა დაელოდო ბოლომდე.  

- და თუ ასეთი წინადადებები არ იქნება?

- “აიაქსში” დავრჩები და დაველოდები. რუსეთიდან ძლიერ ევროპულ კლუბში დაბრუნება არცთუ ადვილია.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა

 

0.065138