სერია A-ს გასულ, მეთექვსმეტე ტურში ყველაზე დიდ ინტერესს ნეაპოლის “სან პაოლოზე” ჩატარებული იწვევდა. “რომამ” პრინციპულ დაპირისპირებაში დაამარცხა ვალტერ მაცარის დამოძღვრილი “ნაპოლი” და წინა ტურში ლიდერ “იუვენტუსთან” მოპოვებული ქულის გათვალისწინებით, გათამაშების ცხრილში მოწინავე ხუთეულში მოხვედრის რეალური შანსი გაიჩინა. ნეაპოლური პაექრობის შემდეგ რომაელთა ესპანელმა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ კმაყოფილება არ დამალა, თუმცა, ჟურნალისტებთან გუნდის თამაშის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
- გილოცავთ პრინციპულ შეხვედრაში მოგებას. რა შეფასებას მისცემთ ნეაპოლში გამარჯვებას?
- პირდაპირ მოგახსენებთ – “რომაში” მთავარმწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ყველაზე ბედნიერი დღე მქონდა. როდესაც ხედავ და გრძნობ, რომ ფეხბურთელები უკიდურესად მონდომებულები არიან, წინასამატჩო დავალებას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ და შემოქმედებითად თამაშობენ, ამაზე მეტი სიხარული დამრიგებლისთვის არაა. ერთი სიტყვით, ჩემი ბიჭების ნეაპოლური ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. “სან პაოლოს” სტადიონის მინდორზე 90 წუთის განმავლობაში ერთი მთლიანი, სინქრონულად მოთამაშე “რომა” ვიხილეთ. თავდამსხმელები უკან დახევას და მცველების დახმარებას არ თაკილობდნენ, უკანახაზელებმა კი მთლიანად მატჩი სტაბილურად, ლამის შეცდომის გარეშე ჩაატარეს. უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, “გიჟური” თამაში გამოვიდა. რომაელ გულშემატკივრებს დიდი სიხარული მივანიჭეთ, თუმცა, პოზიტიური ძვრების მიუხედავად, სამუშაო ჯერ კიდევ საკმარისი გვაქვს.
- როგორ შეეგეუთ აპენინის ნახევარკუნძულზე ცხოვრებასა და მუშაობას? შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკვე “იტალიელი” ხართ?
- ძალიან მიყვარს იტალია და მისი დედაქალაქი, სწრაფი ტემპით დავეუფლე აქაურ ენას. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, უკვე სამშობლოში ვიქნებოდი დაბრუნებული. რაც მთავარია, “რომაში” არსებული სიტუაციით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, ჩემი მუშაობის ნაყოფითაც რომაელებს სასაყვედურო არ აქვთ. ვფიქრობ, თანდათან გუნდის თამაში კიდევ უფრო გაძლიერდება. საამისოდ მოწინააღმდეგეს უფრო მეტი ინტენსივობით უნდა შევუტიოთ. ყველაზე კარგი დაცვა მაშინ გამოგვივა, როცა ბურთი მეტოქის ნახევარზე იქნება.
- ფრანჩესკო ტოტიმ “ნაპოლისთან” საგარეო მოგება თქვენ მოგიძღვნათ...
- ჩესკოს ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა. კაპიტანთან რომში ჩამოსვლის დღიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მასთან საერთო ენა მალე გამოვნახე. ტოტის “რომას” განვითარების ჩემეული ხედვა მოსწონს და იგი ჩვენეული პროექტის აღსრულების მთავარი ფიგურაა.
- როგორი განწყობით გააგრძელებთ მუშაობას? რას გვეტყოდით “რომას” უმთავრეს კონკურენტებზე?
- განწყობა კარგი გვაქვს და როგორც მოგახსენეთ, ასპარეზობა დასახვეწი ჯერ კიდევ გვაქვს. მოწინააღმდეგეებს რაც შეეხება, “მილანი” ყველაზე ძლიერია იმათგან, რომელთაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში შევხვდით. “როსონერის” დიდი ბრძოლა გავუმართეთ, მიუხედავად იმისა 2:3 რომ წავაგეთ, უკმაყოფილო მაინც არ დავრჩენილვარ. კარგი შთაბეჭდილება დატოვა “უდინეზემაც”. ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდი გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე შემთხვევით არაა.
- “რომა” სოლიდურად ათამაშდა, აქედან გამომდინარე, საშობაო არდადეგები არ უნდა გაწყობდეთ...
- არა, რას ამბობთ, ერთი სული მაქვს შინ როდის დავბრუნდები, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს რომაულ ამბებს მოვუყვები. დარწმუნებული ვარ, ისინი ინტერესით მომისმენენ.
- იტალიელ ჟურნალისტებთან როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
- მათთან ურთიერთობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მწვრთნელისა და მასმედიელების თანამშრომლობის შეფასებისას უპირატესი სიტყვა ჟურნალისტებს ეთქმით. ამიტომაც უმჯობესია მთ ჰკითხოთ, როგორი რესპონდენტი ვარ. ჩემი მხრიდან, რეპორტიორებთან საუბარს არასდროს გავურბი. ამის დადასტურებად ჩემ მიერ ჩატარებული პრესკონფერენციების რაოდენობაც გამოდგება.
- სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ახალი ფეხბურთელების აყვანას გეგმავთ? სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით, ლონდონური “ტოტენჰემიდან” 2 მცველის, 21 წლის მარჯვენაფლანგელის კაილ უოქერისა და 25 წლის ხორვატი ვედრან ჩორლუკას გადაბირება გსურთ...
- ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. როდესაც რომელიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება დასრულდება და შეთანხმებას მივაღწევთ, ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიამდე გაგიმხელთ “რომას” ახალწვეულთა ვინაობას.
გოჩა კაჭარავა