როგორც ჩანს, “ბარსელონა” არამარტო წარმატებულ ფეხბურთელებს, არამედ ასეთივე მწვრთნელებსაც ზრდის. ამის თვალსაჩინო მაგალითია პეპ გვარდიოლა, რომლის სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს, “ბარსელონას” მეორე გუნდში დაიწყო. თუ რამხელა მწვერვალები დაიპყრო მან 3 წელიწადში, ყველასთვის ცნობილია. მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ “ბარსას” პირველი გუნდი ჩაიბარა, “ბარსა ატლეტიკის” გაწვრთნა დაევალა კატალონიური კლუბის გულშემატკივართათვის კიდევ ერთ სათაყვანებელ ყოფილ ფეხბურთელს, ლუის ენრიკეს. გვარდიოლას მიერ სეგუნდა B დივიზიონში გადაყვანილ გუნდს ლუის ენრიკემ პირველ სეზონში მე-5 ადგილი დააკავებინა, ახლა კი, მიუხედავად ბოლო მატჩში დამარცხებისა, ახალგაზრდა კატალონიელები მეორე ადგილს იკავებენ და ესპანეთში რანგით მეორე დივიზიონში აღზევების რეალურ შანსებს ფლობენ. კატალონიელთა ყოფილმა 21-ე ნომერმა Barca TV-ს გადაცემა Promeses-ს ინტერვიუ მისცა.
- რამდენად განსხვავდება მიმდინარე სეზონი წინასგან?
- ყოველი სეზონი თავისებურად განსხვავებულია. მიმდინარე სეზონი უკეთესი იმიტომ არაა, რომ მეორეა. რაც შეეხება თავდაჯერებულობას, ისეთივე თავდაჯერებული ვარ, როგორც კონტრაქტზე ხელის მოწერის დღეს. კლუბში მწვრთნელად მოსვლის დღიდან საკუთარი მეთოდებით ვხელმძღვანელობ, რომლებიც დროთა განამვლობაში იცვლებიან. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულ მომენტში რას ვთვლი გუნდისთვის საჭიროდ. ჩვენ გვყავს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული შემადგენლობა. ორივე მათგანი ითხოვს პროფესიონალურ მომზადებას და ინტენსიურ ვარჯიშებს. მწვრთნელის უპირველესი მიზანია არსებული გუნდისგან მაქსიმალური შედეგის მიღება, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში, უნდა შეგეძლოს კონკრეტულ შემადგენლობისთვის შენი მეთოდების მორგება. რაც შემეხება პირადად მე – ამჟამინდელი ყოფით ბედნიერი ვარ და სიამოვნებას ვღებულობ ჩემი სამსახურით.
- როგორ დაახასიათებთ “ბარსა ატლეტიკის” ამჟამინდელ შემადგენლობას?
- ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავდა გასულ წელსაც. ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა. მიმდინარე სეზონში გუნდს ორი მკაფიოდ გამოხატული მახასიათებელი აქვს: უპირველესად, გუნდში საკმაოდ კონკურენტული გარემოა. გარდა ამისა, ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია გუნდსითვის სარგებლის მოტანა. ისინი მუშაობენ გუნდისთვის და არა საკუთარი თავისთვის. ფეხბურთელები აცნობიერებენ, რომ ნებისმიერ მომენტში ისინი შეიძლება იყვნენ ძირითად შემადგენლობაში, აღმოჩნდნენ სათადარიგოთა სკამზე, ან მატჩს თვალი ტრიბუნებიდან ადევ¬ნონ. გუნდისთვის მათ მიერ მოტანილი სარგებელი განისაზღვრება მოედანზე გატარებული წუთების და ასევე იმის მიხედვით, თუ სეზონის კონკრეტულ მონაკვეთში რამდენად კარგად იყვნენ მზად. ვთვლი, რომ წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ესაა. ჩემს ხელთაა ბოლომდე დაკომპლექტებული შემადგენლობა, რომლის მიერ ნაჩვენები თამაშითაც კმაყოფილი ვარ.
- კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წელს გიმთავრდებათ. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- მუშაობის აქ, “ბარსა ატლეტიკში” გაგრძელება მინდა, მაგრამ ზაფხულში კლუბში დიდი ცვლილებები მოხდება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვნახავთ, რა როგორ იქნება. კმაყოფილი ვარ იმით, რომ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. მართალია ამ ხელშეკრულებას ვადა ეწურება, მაგრამ ამაზე არ ვღელავ. სეზონის ბოლოს ვნახავთ, რამდენად შორს წასვლა და რისი მიღწევა შევძელით. ეს საკმარისი გამოწვევა იყო იმისათვის, რომ პიროვნული ამბიციები დამევიწყებინა. თუ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგაც მომეცემა აქ მუშაობის გაგრძელების საშუალება, ძალიან კარგი იქნება. მაგრამ არც სხვა ადგილზე მუშაობით ვიქნები უკმაყოფილო. თუ შემოთავაზება არ მექნება, თავისუფალ დროს დასასვენებლად გამოვიყენებ. ასე რომ, მომავლის საკითხი ამჟამად არ მაღელვებს. თუ მეკითხებით, რა მსურს ვაკეთო მომავალში, გიპასუხებთ, რომ “ბარსელონაში” დარჩენა მსურს.
- უმიზნებთ უმაღლეს დივიზიონს?
- არა. ასეთი მიზანი მაშინ მქონდა, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ პრიმერაში თამაში მსურდა. მაშინ 16-17 წლის ვიყავი. როდესაც პატარა ვიყავი, ფეხბურთი ჩემთვის გართობის და სიამოვნების მიღების საშუალება იყო. მიზნად არ ვისახავდი სპორტით თავის რჩენას. გარწმუნებთ, რომ არც სამწვრთნელო კარიერა დამიწყია უმაღლესი დივიზიონის გუნდის ჩაბარების მიზნით. თავდაპირველად უბრალოდ მსურდა, ვყოფილიყავი მწვრთნელი და გამეგო, მომწონდა თუ არა ეს საქმიანობა. ახლა იგი ძალიან მომწონს. თუმცა, მწვრთნელობა ძალზე რთული საქმიანობაა და ადამიანისგან ძალზე დიდ ენერგიას ითხოვს. თქვენ მეკითხებით, მსურს თუ არა პრიმერაში მუშაობა, მე კი გპასუხობთ, რომ თუ შემოთავაზება იქნება, მაშინ კი. მაგრამ ეს არაა ჩემი მიზანი. საკუთარი თავი მიმაჩნია საფეხბურთო მწვრთნელად, რომელიც არაა პრიმერას მწვრთნელებზე უარესი და რეგიონალური ლიგების მწვრთნელებზე უკეთესი.
- ნამდვილად გქონდათ შეთავაზება “ალმერიასგან”?
- არა, ამის შესახებ საკუთარ ბლოგშიც დავწერე. რაც არ უნდა ყოფილიყო, შემოთავაზების შემთხვევაშიც კი, გუნდს სეზონის შუაში არ მივატოვებდი. ჩემი ამჟამინდელი მიზანია “ბარსა ატლეტიკის” გაწვრთნა. თუ შემიძლია ფეხბურთელებისთვის უფრო მეტის სწავლება და მათი უფრო მაღალ დონეზე აყვანა, ამას გავაკეთებ. ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის რეალიზება უკვე მოვახდინე. გავაკეთე იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდი.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა