1974-75 სეზონი მადრიდის “ატლეტიკომ” ძალიან სუსტად დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა ხუან ლორენსომ კლუბის პრეზიდენტ ვისენტე კალდერონს გადადგომის თხოვნით მიმართა. მადრიდელთა გამოცდილ წინამძღოლს ბევრი არ უფიქრია და გუნდის გამოცდილ მოთამაშეს, ესპანეთის არაეტგზის ჩემპიონსა და თასის მფლობელ ლუის არაგონესს პარტნიორთა დამრიგებლობა შესთავაზა. ლუისმა თავიდან იუარა, თუმცა, შემდეგ “ატლეტიკოს” ნებისმიერი გულშემატკივრისა და ფეხბურთელისთვის ავტორიტეტული პიროვნების ნებას დაჰყვა... 1974-75 წლების სეზონი არაგონესმა ვეტერანი მოთამაშის სტატუსით დაიწყო და დებიუტანტი მწვრთნელის რანგით გააგრძელა. ახლადგამომცხვარი მწვრთნელი საქმეს ენერგიულად შეუდგა და გუნდმაც თანდათან სატურნირო ცხრილში ზემოთკენ დაიწყო აბობღება. საბოლოოდ ის სეზონი “ატლეტიკომ” მეექვსე საფეხურზე დაასრულა, რაც მეტად უიღბლო სტარტის ფონზე ურიგო შედეგი სულაც არ იყო. ამის მიუხედავად, არაგონესს მტკიცედ მაინც არ ჰქონდა გადაწყვეტილი სადამრიგებლო საქმეს რომ გააგრძელებდა, გადამწყვეტი კი შემდეგი ფაქტორი აღმოჩნდა. მიუნხენის “ბაიერნმა” საკონტინენტთაშორისო თასზე თამაში იუარა და რეგლამენტით ევროპის ღირსების დაცვა თასების თასის მფლობელ მადრიდელებს მიანდეს. 1975 წლის მარტსა და აპრილში ლუის არაგონესის მეთაურობით “ატლეტიკომ” ორი მატჩი ჩაატარა ბუენოს აირესის “ინდენპენდიენტესთან”. პირველი შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. სამაგიეროდ, “ვისენტე კალდერონზე” კასტილიელებმა დამაჯერებელი რევანში აიღეს. ლუის არაგონესს კი სადამრიგებლო საქმიანობის გაგრძელების მძლავრი იმპულსი მიეცა. მას შემდეგ არაგონესმა “ატლეტიკოსა” და “ბარსელონასთან” არაერთი ტიტული მოიპოვა, მისი სამწვრთნელო კარიერის მწვერვალი კი 2008 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპირველობის მოგება გახლავთ. 74 წლის მხცოვან სპეციალისტს პორტუგალიური გამოცემა O Jogo დაუკავშირდა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის თაობაზე დაუსვა კითხვები. ცხადია, პორტუგალიელ კორესპონდენტს ყველაზე მეტად ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანუ რონალდოზე არაგონესის აზრი აინტერესებდა.
- რას გვეტყოდით მიმდინარე ლა ლიგაზე, “ბარსელონამ” “რეალთან” შედარებით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა?
- პრიმერაში ჯერ მხოლოდ 7 ტური ჩატარდა და შორსმიმავალი დასკვნის გაკეთება ნაადრევია. დარჩენილ დროში მადრიდის “რეალს” თავისუფლად შეუძლია ქულათა დეფიციტის აღმოფხვრა. ეს კატალონიის დედაქალაქში ჩატარებულმა “ელ კლასიკომაც” დაადასტურა. მაღალ დონეზე თამაშობს “ატლეტიკოც”, რაც ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა. იმედია, გუნდი, რომლის რიგებშიც, როგორც სამოთამაშეო, ასევე სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული, აღებულ ტემპს სეზონის ბოლომდე არ დააგდებს.
- პორტუგალიელი სპეციალისტის, ჟოზე მოურინიოს მუშაობას რა შეფასებას მისცემთ?
- მოურინიოს უმაღლესი რანგის მწვრთნელად ვთვლი. მის კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგიც მეტყველებს. პირადად მე სადღეისოდ “რეალში” კრიზისის ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ. ბოლო მატჩებმა დაგვარწმუნა, მადრიდელთა უკუსვლა დროებითი მოვლენა რომაა. ჩემი აზრით, ჟოზე ზუსტად ის მწვრთნელია, რომელიც “რეალს” სჭირდება.
- კრიშტიანუ რონალდუს თამაშზე რა აზრის ხართ?
- მოურინიოს მსგავსად, მასაც ჩემი ქება ნაკლებად სჭირდება. გულშემატკივრები და სპეციალისტები ბევრს დავობენ იმის თაობაზე კრიშტიანუ უკეთესი მოთამაშეა თუ ლეო მესი. ორივე უდიდესი ფეხბურთელია და დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დგანან. ამასთან, სრული პასუხისმგებლობით მინდა დავადასტურო, რომ პრიმერა დივიზიონი 2 ვარსკვლავის ჩემპიონატი არაა. რონალდუსა და მესის დონეზე თამამად დავაყენებ რადამელ ფალკაოს. მადრიდის “ატლეტიკოს” დამაჯერებელი თამაში სწორედ კოლუმბიელის ბრწყინვალე ასპარეზობას უკავშირდება.
- სამწრთნელო კარიერის განახლებას ხომ არ აპირებთ?
- ასაკის მიუხედავად, თავს მხნედ ვგრძნობ და აქტიური მუშაობისთვის მზად ვარ. თუკი სათანადო წინადადებით მომმართავენ, უარს ალბათ არ ვიტყვი.
გოჩა კაჭარავა