მას შემდეგ, რაც ბრაზილიური ლუდსახარშების მფლობელებმა განაცხადეს, რომ ვეღარ გაუმკლავდებიან ლუდზე გაზრდილ მოთხოვნილებას, ბრაზილიის მთავრობამ გადაწყვიტა, აქამდე ფიქსირებული 16%-დან 14%-მდე დაწიოს საბაჟო გადასახადი იმპორტირებულ ლუდზე, რათა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ქვეყანაში ამ სასმელის დეფიციტი არ შეიქმნას.
საინტერესოა, რომ ბრაზილია ლუდის მომხმარებელთა სიმრავლის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ფეხბურთი ამ ქვეყანაში ყველას ერთნაირად აღელვებს და მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში სწორედ ბრაზილიაში იწყება, განსაკუთრებულად ემზადებიან. ულუდო მსოფლიოს ჩემპიონატი აბა რა ჩემპიონატია?!...