ევრობასკეტის დაწყებამდე და ჩემპიონატის მსვლელობისას, სლოვენიელი კოლეგები და სპეციალისტები მეუბნებოდნენ, რომ ევროპის პირველობა შედარებით მშვიდად ჩატარდება, თუ ლუბლიანაში არ ჩამოვა სერბ ფანთა დიდი ნაკადი. 18 სექტემბრამდე სერბების მიერ ჩატარებულ მატჩებში, მათ ნაკრებს არ აკლდა ქომაგები, მაგრამ 18 სექტემბერს ესპანეთთან თამაშის წინ, ამ მატჩის მსვლელობისას და მის შემდეგ, სლოვენიის პოლიციამ წესრიგისა და კონტროლის დამატებითი ზომები მიიღო. ეს გასაგები იყო - ამ დღეს, „სტოჟიცე არენაზე“ დაახლოებით 2 ათასამდე სერბი ქომაგი ჩამოვიდა, ძირითადად ბელგრადიდან (დაახლოებით 500 კმ ლუბლიანიდან) - ავტობუსებითა და პირადი მანქანებით, ნაწილი კი თვითმფრინავით. მატჩის წინ, სერბმა ქომაგებმა სიმღერებით, ცეკვებით, შეძახილებით, დოლებითა და სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით, ძალიან დიდი ხმაურით, ქუჩებში და „სტოჟიცე არენასთან“ სერბული გარემო შექმნეს. სლოვენიელმა კოლეგებმა მითხრეს: ხომ ხედავთ, ჩვენი ფანებინ სერბებთან შედარებითნ უფრო მშვიდნი არიანო...
მატჩის წინ, ჩემი რამდენიმე ნაცნობი სერბი ვნახე, რომლებიც ივლისში გავიცანი ტალინში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. უფრო ზუსტად, „სტოჟიცე არენასთან“ ვიღაცამ დამიძახა: „ჯორჯია, სოხუმი“. ისინი რუსულადაც საუბრობდნენ და მათ გვერდით დაჯდომა,საქართველოს დროშის აღმართვა და ჩემი მეგაფონით სერბეთის ნაკრების მხარდაჭერა მთხოვეს. ვუთხარი: დროშას ცოტა ხნით ავწევ, მეგაფონი კი არ არის საჭირო - ესპანელებთან შედარებით, ტრიბუნებზე ისედაც ბევრნი ხართ-მეთქი. ესპანელები, მაქსიმუმ, 150-200 კაცი იყვნენ. თამაშის დაწყებაბდე და პირველ პერიოდში, სერბმა ქომაგებმა მაგრად იაქტიურეს, თუმცა ესპანეთის ნაკრებმა თავიდანვე აიღო ინიციატივა ხელში და სერბების მცდელობების მიუხედავად, აშკარად დაჯაბნა მეტოქე. მეორე-მესამე პერიოდებში, სერბი ქომაგები უკვე მშვიდად ისხდნენ ტრიბუნებზე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათი ერთი ნაწილი, ხმამაღლა აგინებდა თავისი გუნდის კალათბურთელებს იმის გამო, რომ ანგარიშში სხვაობის შემცირებას ვერ ახერებდნენ. მატჩის ბოლოს კი, უკვე სასტიკად აგინებდნენ თავის გუნდს - ასეთი ხმაშეწყობილი გინება, მხოლოდ დონეცკში, 1970-1980-იან წლებში, „შახტიორის“ საფეხბურთო გუნდის მატჩებზე მომისმენია. „სტოჟიცე არენაზე“ ჰაერში სკანდირებული „მრავალსართულიანი“ ლაძღვა-გინება ისმოდა. ჩემ სერბს ნაცნობებს ვკითხე: „კი მაგრამ, თქვენ ელოდით, რომ სერბეთის ნაკრები მოუგებდა ესპანეთის უძლიერეს გუნდს, თუ რაშია საქმე?“. მათი პასუხი მარტივი იყო: „სერბეთი კალათბურთის დიდი ტრადიციებისა და პოტენციალის ქვეყანაა და ესპანეთთანაც კი არ უნდა ვაგებდეთ 30 ქულის სხვაობით“. ვუთხარი: „მესმის თქვენი, მაგრამ გინება შველის საქმეს, თუ ეს გამოაცოცხლებს სერბეთის ნაკრებს?“. „ორი ათასი კაცი, ასეთი სირცხვილის სანახავად არ ჩამოვსულვართ!“ - მიპასუხეს...
გასაგებია, სერბი ფანები მაქსიმალისტები არიან და გარკვეულ წილად, ამით, ქართველი ფანების ერთ ნაწილს გვანან... სერბი ფანების ნაწილი, ესპანეთთან გამანადგურებელი აგარიშით წაგების შემდეგ ავტობუსებით დაბრუნდა სერბეთში, ნაწილი ლუბლიანაში დარჩა და 19 სექტემბერს, სერბეთის ნაკრების კიდევ ერთი წაგების მომსწრე გახდა. ამჯერად, სერბეთი სლოვენიასთან დამარცხდა - 74:92. ამ მატჩის წინ, სლოვენიის სპეცნაზმა და პოლიციამ წესრიგის დაცვის დამატებითი ზომები მიიღო. ესეც გასაგებია... სლოვენიელი ფანები კი სულ სხვა მიზეზის გამო ნერვიულობდნენ. მათი ნაკრების სერბი მწვრთნელი ბოჟიდარ მალიკოვიჩი, რა განწყობით გამოიყვანდა სლოვენის გუნდს სერბეთის წინააღმდეგ. თამაშმა აჩვენა, რომ სლოვენია ამ ეტაპზე უფრო კარგად იყო მომზადებული და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე დაამარცხა სერბეთი. ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არამარტო ევრობასკეტის სატურნირო ცხრილისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ სლოვენია 2014 წლის მსოფლიო პირველობის მონაწილე გამხდარიყო...
საკუთარ ნაკრებზე გაბრაზებული სერბებისა და თავისი გუნდის გამარჯვებით გახარებული სლოვენიელების გარემოში ვასრულებ ჩემს მუშაობას ევრობასკეტზე და ვბრუნდები საქართველოში. ძალიან მსურდა ფინალამდე დარჩენა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვით ადრე ვიცოდი, რომ უფრო ადრე მომიწევდა სამშობლოში დაბრუნება. სლოვენიელ კოლეგებს, რომლებმაც ძალიან თბილად მიმიღეს და დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩემს მიმართ, მათ მშობლიურ ენაზე დავემშვიდობე: „ჰვალა!“ (მადლობა) და „ნასვი’დანია!“ (შეხვედრამდე)...
თენგიზ პაჭკორია, ლუბლიანა, სპეციალურად www.worldsport.ge - სთვის
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma