გამთენიისას, თბილისში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი ჩამოვიდა. მასთან პირველად გასაუბრება სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” შევძელით:
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?
- მოწვევა მივიღე ქართული მხარისგან და მოხარული ვარ. მაინტერესებდა თქვენი ქვეყნის ნახვა. ჯერჯერობით ყველანაირად დადებითი შთაბეჭდილება მაქვს. ჯერ თითქმის არაფერი მინახავს, მაგრამ ქალაქს გადავხედე და მომწონს.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების შანსებს როგორ შეაფასებდით?
- გერმანიას ყოველთვის დიდი შანსები აქვს ჩემპიონობისა. ამჯერადაც ასეა. საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელების კრებული გვყავს. მართალია, არიან დაშავებული ფეხბურთელებიც, მაგრამ ამ ჩემპიონატს მაინც იმედიანად ვუყურებთ.
- სადღეისოდ ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად?
- უპირველესად მარკო როისი, რომელიც მშვენიერ ფორმაშია, კრეატიული ფეხბურთელია და რა თქმა უნდა, მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი.
- ტრადიციული კითხვა – რონალდუ თუ მესი?
- მესი. ის ოთხჯერ გახდა “ოქროს ბურთის” მფლობელი. მართალია, რონალდუც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ... თუმცა, მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც ღირსია “ოქროს ბურთის” ოთხჯერ მოგებისა.