თამაშგარე

12:05 | 24.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლოთარ მათეუსი - ცოლების კოლექციონერი

ცოლების მუდმივ ცვლაში “დახელოვნებული“, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ლოთარ მათეუსი, კვლავ არ ცხრება და ტრადიციულად, აგრძელებს ქალთამოყვარულის ბობოქარ ცხოვრებას. ლოთარი თავის რიგით მეოთხე ოფიციალურ ცოლს, დაახლოებით, სამი თვის წინ დაშორდა და ეს “სიამოვნება“ სოლიდური თანხაც დაუჯდა, მაგრამ ამის შემდეგ, დრო უქმად არ დაუკარგავს და უკვე გააბა რომანი ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდა გერმანელ მოდელთან – სარა ბერგშოლთან, რომელიც 22 წლის გახლავთ და მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს პოდიუმზე.

სარა და ლოთარი, ჯერჯერობით, გელფრენდ-ბოიფრენდის სტატუსითაც კმაყოფილდებიან, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ლოთარ მათეუსმა თავისი ცოლების კოლექცია ხუთამდე სწორედ სარა ბერგშოლით გაზარდოს. მითუმეტეს, რომ ყოფილ ცოლებთან ფინანსური დავები უკვე მოგვარებული აქვს და ამ ყველაფრით იმდენი გამოცდილება კი დააგროვა, რომ კარგად იცის, საქორწილო კონტრაქტში რა უნდა ჩაწეროს და რა - არა.

ცოტა ხნის წინ, ლოთარ მათეუსი გერმანელ “ყვითელ” ჟურნალისტებს შემოსწყრა. ამის მიზეზი, ერთ-ერთ გერმანულ ბულვარურ ჟურნალში მათეუსზე გამოქვეყნებული სტატია იყო, სადაც ლოთარის ერთ-ერთი (რიგით მეორე) ყოფილი ცოლის დედა ამბობდა, რომ ნასიძარს საზიზღარ ადამიანად მიიჩნევს და უხარია, რომ მისი შვილი ლოთართან ერთად აღარ ცხოვრობს. მათეუსი კი, ის კაცი არ არის, რომ ასეთი რამ უმტკივნეულოდ მოითმინოს...

0.135847