ჭიდაობა

11:20 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოს ანჯელესში 12 ქართველი იჭიდავებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ლოს ანჯელესშია, სადაც დღეს-ხვალ მსოფლიოს თასი უნდა გათამაშდეს. ქართული გუნდი ლეიბზე გადახალისებული, 12-კაციანი შემადგენლობით გავა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, წონითი კატეგორიების ლიდერები საქართველოში დარჩნენ და ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაკრები დავით პოღოსიანმა და ალექსანდრე კახნიაშვილმა ჩაიყვანეს.

მსოფლიოს თასზე საქართველოს სახელით ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძეც მიიღებს მონაწილეობას. 41 წლის უხვტიტულა მოჭიდავისთვის ეს მეორე საერთაშორისო ტურნირი იქნება აქტიურ სპორტში დაბრუნების შემდეგ.

ლოს ანჯელესის მსოფლიოს თასის ქართულ განაცხადში 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ჭელიძეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასზე ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულომ ვიზა არ გასცა. უფრო მეტიც, ერთხანს მთელი ქართული დელეგაცია დადგა ვიზის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე, მაგრამ საბოლოოდ საკითხი დადებითად გადაწყდა.

რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ სავიზო პრობლემის გამო ვერ შეძლო ლოს ანჯელესში გამგზავრება მსოფლიოს 5-გზის, ევროპის 3-გზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰაჯიმურატ გაცალოვმა.

მსოფლიოს თასზე სულ 10 ქვეყნის ნაკრები გამოვა. საქართველო B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად რუსეთი, უკრაინა, მონღოლეთი და იაპონია ეყოლება. A ჯგუფი კი ირანმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ინდოეთმა, სომხეთმა და თურქეთმა შეავსეს. აქვე ქართული განაცხადიც:

57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი და ოთარ გოგავა

61 კგ – ბექა ლომთაძე

65 კგ – ლევან ქელეხსაშვილი

70 კგ – გიორგი ცუცქირიძე და ზურაბ იაკობაშვილი

74 კგ – გიორგი მარსაგიშვილი

86 კგ – ლევან გოგრიჭიანი

97 კგ – ლუკა კურტანიძე და ნოდარ ეგაძე

125 კგ – გენო პეტრიაშვილი და გიორგი საკანდელიძე

 


0.125601