"მილანის" ოფიციალური სატელევიზიო არხის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა და დიეგო ლოპესის აგენტი მანუელ გარსია კილონი უკვე შეთანხმდნენ. მადრიდის "რეალის" ესპანელი მეკარე ორშაბათს მილანურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "როსონერი" გახდება.
აღნიშნული ცნობა, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ Gazetta dello sport-საც დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ლოპესის ტრანსფერი 99%-ით უკვე განხორციელებულია.
32 წლის მეკარის ტრანსფერს ესპანური მედიაც ადასტურებს, თუმცა ჯერჯერობით, არც “სამეფო კლუბის” და არც "მილანის" ოფიციალურ ვებგვერდებს აღნიშნული ტრანსფერი არ დაუდასტურებიათ. უფრო მეტიც, "რეალის" საიტი იტყობინება, რომ დღეს, დიეგო ლოპესმა, იკერ კასილიასა და კეილორ ნავასთან ერთად ივარჯიშა და ევროპის სუპერთასისთვის ემზადება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოპესი "მილანთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება.
გიორგი ბალახაძე