დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ერთმანეთის პირისპირ 26 წლის შოტლანდიელი ენდი მარეი და 24 წლის ხორვატი მარინ ჩილიჩი შეხვდებიან. როგორც ბრიტანელმა, ასევე ბალკანელმა ნახევარფინალში რთული ორთაბრძოლები გადაიტანეს.
მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერმა მარეიმ საათსა და 48 წუთში აფროფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა. ენდიმ 3 ბრეიკი და 5 ეისი განახორციელა, ჟო-ვილფრიდთან პირადი შეხვედრების ბალანსი კი თავისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა – 8:2.
ასევე სამსეტიანი ნახევარფინალი მოიგო მარინ ჩილიჩმაც. ხორვატმა ლონდონის შეჯიბრების წინა სტადიაზე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს დამმარცხებელ ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტს 6:4, 4:6, 6:2 სძლია და “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენელთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში გააყაიმა – 1:1. ჩილიჩისა და ჰიუიტის ლონდონურმა დაპირისპირებამ 2 საათსა და 20 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ბალკანელმა 5 ბრეიკი და 11 ეისი შეასრულა.