ძიუდო

21:13 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის ოლიმპიადის ფინალი თბილისის ტატამზე

თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს ტატამები გაიშალა. 21-23 მარტს საქართველო პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - გრან პრის უმასპინძლებს. შეჯიბრებაში 24 ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება. 192 ძიუდოისტიდან 37 საქართველოს სახელით იჭიდავებს. კაცთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ მასპინძელი გუნდისთვის დაწესებული ქვოტა მაქსიმალურად გამოიყენა და 4 შემადგენლობა დააყენა. ქალთა ტურნირში კი 9 ქართველი მიიღებს მონაწილეობას.

ხვალ მედლების 5 კომპლექტი გათამაშდება - კაცებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში – 48, 52 და 57 კილოგრამებში. უკვე წილი ნაყარია და ქართველთა მეტოქეების ვინაობაც ცნობილია.

60 კილოგრამში 16 მონაწილეს შორის პირველ ნომრად ამირან პაპინაშვილია განთესილი. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტურნირს მონღოლ ცედენ იშ რაახნაჯავთან შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი ყაზახი გაბიტ იესიმბეტოვისა და სომეხი გარიკ ჰარუთინიანის წყვილიდან გასულს დაეჭიდება.

უმსუბუქეს წონაში საქართველოს სახელით საქმეში გიორგი ბროლაშვილი, პაატა მერებაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანიც ჩაერთვებიან. მერვედფინალში ბროლაშვილი აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლის დაუპირისპირდება, მერებაშვილი – ებრაელ იოავ შემეშს, ხოლო ჩხვიმიანი – სომეხ გრიგორ ივანიანს.

66 კილოგრამში სატურნირო ბადეში გადანაწილებულ 20 ძიუდოისტს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი უკრაინის ნაკრების წევრ გიორგი ზანთარაიას აქვს. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონთან ყველაზე ახლოს საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტრისტან ფეიქრიშვილი მოხვდა. მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება, ოღონდ იქამდე თითო ეტაპი უნდა დაძლიონ. ფეიქრიშვილს მერვედფინალში მეტოქედ აზერბაიჯანელი ტარლან კარიმოვი ერგო.

გიორგი ქალდანი და გელა კელიხაშვილი საქმეში პირველივე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაებმებიან. ქალდანი ყაზახ ნაურუზბეკ მაილაშევს შეხვდება, კელიხაშვილი – ებრაელ ბარ რაუფმანს. შალვა ქარდავა კი, ფეიქრიშვილის მსგავსად, მეორე წრით დაიწყებს, სადაც სომეხ დავით ხაზარიანს უნდა დაეჭიდოს.

ქალთა ორ უმსუბუქეს წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავს. 57 კილოგრამში კი კიმონოს სამი ქართველი ძიუდოისტი მოირგებს.

მერვედფინალში სალომე აბაშიძე უნგრელ კატინკა სზაბოს დაუპირისპირდება, მარიამ ციხელაშვილი – აზერბაიჯანელ კიფაიატ გასიმოვას, ხოლო სოფიო ბერიძე – რუს ტატიანა ნოსკოვას.

22 მარტს მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება მედლები, ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. 23 მარტს კი მამაკაცები 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოავლენენ საუკეთესოებს, ქალები 78 და +78 კილოგრამებში.

შაბათის მთავარი ინტრიგა ლონდონის ოლიმპიური თამაშების 66 კილოგრამის ფინალის განმეორება იქნება – ლაშა შავდათუაშვილი და უნგრელი მიკლოშ უნგვარი ამჯერად ერთი წონითი კატეგორიით მაღლა, საწყის ეტაპზევე დადგებიან ერთმანეთის პირისპირ.

კვირას კი 90 კილოგრამში, ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი მეორე წრეში რუსეთის ნაკრების ლიდერს, ევროპის მოქმედ ჩემპიონ კირილ დენისოვს შეხვდება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები სამივე დღეს დილის 10 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკის ბრძოლები – 17-საათიდან.  

 

0.117955