ჭადრაკი

22:10 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლომინეიშვილი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, განახლდა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.

3 ივნისს მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა. ასპარეზობას დაუმარცხებლად საერთაშორისო დიდოსტატები - ნინო ხურციძე და მაია ლომინეიშვილი – განაგრძობენ და ისინი, სალომე მელიასთან ერთად, სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

ხურციძისა და მელიას სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა არავის გაჰკვირვებია, რადგან ისინი ეროვნული ნაკრების წევრები არიან. ამათ ფონზე აღსანიშნავია ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ლომინეიშვილის კარგი თამაში. მას შემდეგ, რაც ლომინეიშვილმა ოჯახი შექმნა და დედა გახდა, ის ჭადრაკს, საპატიო მიზეზის გამო დროებით ჩამოშორდა. მაია არც ამჯერად აპირებდა თამაშს, მაგრამ 70-ე ეროვნულ ჩემპიონატში ლელა ჯავახიშვილის უარის შემდეგ ჩაება (ჯავახიშვილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პარალელურად მიმდინარე ჩინეთის სუპერტურნირში მონაწილეობს). ლომინეიშვილი, როგორ ფორმაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ყოველთვის წარმატებით თამაშობს. მაია ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და როგორც უკვე მოგახსენეთ, მე-7 ტურის შემდეგ ლიდერთა შორის იმყოფება.

დღეს ლომინეიშვილმა შავებით არაბიძეს მოუგო. სიურპრიზი შემოგვთავაზეს ინგა ხურცილავამ და სოფო გვეტაძემ. ინგამ ასპარეზობის ერთ-ერთ ლიდერ მაკა ფურცელაძეს მოუგო, ხოლო გვეტაძემ მიმდინარე ჩემპიონატში მე-2 რეიტინგის მქონე სოფო გურამიშვილი დაამარცხა.

დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა; ლიკა კობეშავიძე – ნინო ბაციაშვილი 0:1; ნინო ხურციძე – სოფო ხუხაშვილი 0,5:0,5; სალომე მელია – ანა კუჭავა 1:0.

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:

I-III – ხურციძე, ლომინეიშვილი, მელია 5,0-5,0 ქულა

IV-VI – ფურცელაძე, ხუხაშვილი, ბაციაშვილი 4,5-4,5;

VII – ხურცილავა 4,0.

VIII – გურამიშვილი 3,5;

IX – გვეტაძე 3,0;

X – არაბიძე 2,0;

XI – კუჭავა 1,0;

XII – კობეშავიძე 0,5.

0.113125