გასულ სეზონში, “ინტერის” შემადგენლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატის მომგებმა ქართველმა მეკარე გიორგი ლომაიამ, ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა და საუბარი მხოლოდ არასაფეხბურთო თემებზე წარიმართა.
- უპირატესობას ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ?
- დიდი ხნის განმავლობაში უპირატესობას სპორტულ სტილს ვანიჭებდი. ტანსაცმელის წარმომავლობას პრინციპულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო.
- რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ?
- ქართული, რომელსაც ბავშვობიდან მივეჩვიე. მიყვარს საცივი, კუპატი, ხინკალი და ხაჭაპური.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- ძირითადად, მეგობრების წრეში და ოჯახის წევრებთან ერთად. რაც შეეხება იმას, თუ სად მიყვარს დროის გატარება, თუ “ჩემიანებთან” ერთად ვარ, მაშინ ყველგან.
- რომელი ფირმის ავტომობილები მოგწონთ?
- “მერსედესი” მომწონს. ცხადია, არის ისეთი კარგი ავტომანქანები როგორიც “ფერარი” და “ლამბორჯინია”, მაგრამ საერთო ჯამში, “მერსედესი” ყველაზე უკეთესია.
- რა წიგნს კითხულობთ და რომელი ფილმები მოგწონთ?
- წიგნების კითხვისთვის დრო არ მაქვს. ისტორიული ფილმების ყურება მიყვარს. ჩემი საყვარელი ფილმებია - “ერთხელ ამერიკაში”, “მამაცი გული” და “ნათლიმამა”.
- გინდათ, რომ თქვენი შვილი პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს?
- წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ არ მინდა, რომ ის მეკარე გამოვიდეს. უკეთესი იქნება ფორვარდი გახდეს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა