ინტერვიუები

10:22 | 6.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივი” საგურამოდან ფეხს არ მოიცვლის

XXI ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას, გათამაშების ერთპიროვნული აუტსაიდერიც შეუდგა. თბილისის “ლოკომოტივი”, ჩემპიონატში პაუზის გამოცხადების შემდეგ (12 დეკემბერი) პირველად გუშინ შეიკრიბა. გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს კლუბის მესვეურებთან შეთანხმებულ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და სეზონისწინა მზადების პირველი ვარჯიშის თარიღად 8 იანვარი დაასახელა.
“რკინიგზელთა” უახლოეს პერსპექტივებზე “მსოფლიო სპორტი” გუნდის მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას ესაუბრა.
- ბატონო გელა, სად აპირებს “ლოკომოტივი” შეკრების გავლას?
- გუნდი თბილისში რჩება, არსად არ აპირებს გასვლას - მოვემზადებით საგურამოში, სადაც ამინდის მიუხედავად, ვარჯიშში ხელი არ შეგვეშლება.
- საკონტროლო შეხვედრები თუ დაგეგმეთ?
- როგორ არა. ამ ეტაპზე ერთადერთი რეალური მეტოქე, ვინც ჩასმულია ჩვენს სასპარინგო კალენდარში, ესაა რუსთავის “ოლიმპი”. მასთან შეხვედრა 26 იანვარსაა დაგეგმილი. ცნობილია კიდევ 2 შეხვედრის ჩატარების თარიღი - 20 იანვარი და 1 თებერვალი. შეიძლება ერთი თამაში კიდევ ჩავსვათ სადმე, მაგრამ  ერთი შემიძლია გადაჭრით ვთქვა - 20 იანვრამდე საკონტროლო შეხვედრის ჩატარება ჩვენს გეგმაში არაა. სპარინგ-მატჩების რაოდენობიდან ჩანს ალბათ, რომ ძირითადი აქცენტი ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზე გვექნება გაკეთებული.
- “ლოკომოტივში” მწვრთნელთა შემადგენლობა ხომ იგივე დარჩა?
- სამწვრთნელო შტაბში არანაირი ცვლილება არაა - გუნდში ისინი ვართ, ვინც სეზონი დავიწყეთ.
- ფაქტია, გუნდმა უმაღლეს ლიგაში დარჩენა რომ შეძლოს, გაძლიერება გჭირდებათ. ამ მხრივ როგორაა საქმე?
- ფეხბურთელები ჯერჯერობით გამოკვეთილი არაა, მაგრამ ძირითად ბირთვს მეტნაკლებად ვინარჩუნებთ. 2-3 დღეში უფრო კონკრეტულად გვეცოდინება ყველაფერი - ვინ წავა და ვინ დარჩება. თუმცა უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ გუნდიდან დავითხოვეთ ლევან ქურდაძე, სოსო გილაური, გიორგი ტიკურიშვილი და ბექა ბებუა. სინჯებზე გამოჩნდება ჩვენთვის მისაღები ფეხბურთელი გამოჩნდება თუ არა.
- დაფინანსების მხრივ ხომ არ შეიცვალა რამე. გასაგებია, რომ მეტი სადღა უნდა მოგკლებოდათ, მაგრამ იქნებ მომატების იმედი გაჩნდა.
- საგრძნობლად არ მოგვმატებია, მაგრამ იმის საშუალება არის, რომ გუნდი თბილისში, 8 იანვრიდან შეკრების რეჟიმში ნორმალურად მოემზადოს სეზონის მეორე ნახევრისთვის.
- მაინც რამდენ ფეხბურთელს მოუყარეთ თავი 5 იანვრის კრებაზე?
- მთლიანობაში 24 ფეხბურთელი იყო. მათგან რამდენიმე სინჯებზეა და ვნახავთ, თუ ისინი ჩვენს გუნდს იმ მიზნების შესრულებაში გამოადგებიან, რომელსაც ვისახავთ, მათ დავიტოვებთ და კონტრაქტის გაფორმებას შევთავაზებთ.
- მაინც რომელი ამპლუის გაძლიერებას აპირებთ?
- განსაკუთრებით შეტევის ხაზის გაძლიერება გვსურს. ამ მხრივ ვმუშაობთ, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზეც ვერ ვხედავ ისეთ ქართველ ფეხბურთელს, რომლითაც შეიძლება კაცი დაინტერესდეს. ხომ იცით, ჩვენი პოლიტიკა ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭების შემოკრებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ კი, ასეთები არ ჩანან.
- მიზანი, ბუნებრივია, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, თუ გუნდის საბოლოო დაკომპლექტებას დაელოდებით.
- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ როგორც არ უნდა გავძლიერდეთ, “ლოკომოტივის” მიზანი მაინც ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

ფრიდონ კერვალიშვილი
 

0.115044