ფეხბურთი

1:56 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონობისკენ გზა გაუხსნა

 

“ლივერპულმა” “კრისტალ პალასს” ვერ მოუგო და როგორც ჩანს, ჩემპიონობა “მანჩესტერ სიტის” დაუთმო. ჯერ მხოლოდ დე ფაქტოდ, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია “ქალაქელებმა” დარჩენილ ორ მატჩში ქულები დაკარგონ. მაგრამ ვინ იცის, პრემიერლიგა რის პრემიერლიგაა სასწაულები არ შემოგვთავაზოს. ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობით “წითლებმა” დიდებული სეზონი ჩაატარეს, სანახაობრივი, ლაღი ფეხბურთი ითამაშეს და ალბათ ჩემპიონობის ღირსებიც იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გატყდნენ, ჯერ “ჩელსისთან” წააგეს, შემდეგ “კრისტალ პალასთანაც” დაკარგეს ქულები. ვნახოთ, ჯერ კიდევ სათამაშოა.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა გატანილ-მიღებულ ბურთებს ენიჭება და რახან ის მანჩესტერელებს უკეთესი აქვთ, “ლივერპულს” რაც შეიძლება ბევრი გოლი უნდა გაეტანა მასპინძელთა კარში. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, პირველ ტაიმში ალენმა გაიტანა და ამას მეორე ტაიმში სტუმართა შეტევები და კიდევ ორი გოლი მოჰყვა, რომელიც პრემიერლიგის საუკეთესო მეგოლეებმა სტარიჯმა და სუარესმა ორი წუთის ინტერვალში გაიტანეს. “ლივერი” შემდეგაც აგრძელებდა შეტევებს, ერთი ბურთიც და მერსისაიდელები 100-გოლიან ზღვარს მიაღწევდნენ წლევანდელ სეზონში, მაგრამ ბოლო 15 წუთში ყველაფერი უკუღმა დადგა. ლივერპულელბმა დაცვაში შეცდომების დაშვება დაიწყეს და კერკეტი მასპინძლების ზეწოლას ვეღარ გაუძლეს. ჯერ დელანის დარტყმული ბურთი შეეხო ჯონსონს და მაღალ კუთხეში შევარდა. მერე 7 წუთის ინტერვალში გეილმა დუბლი მიითვალა. ეგ კი არა, მასპინძლებს ცოტა რომ გამართლებოდათ, მეოთხესაც გაიტანდნენ.

საფინალო სასტვენის შემდეგ როჯერსს გაოგნებული სახე ჰქონდა, ხოლო სუარესი ცხარე ცრემლით ტიროდა და სახეზე მაისურა ჰქონდა აფარებული. ვერც გაამტყუნებდით, მან ყვეაფერი გაიღო იმისათვის, რომ ჩემპიონობა ეზეიმა. მაგრამ ბოლოსკენ დაკარგულმა დასანანმა ქულებმა თითქმის ყველაფერი წყალში ჩაყარა. არადა, ეღირსება კი ურუგვაელს სხვა დროს პრემიერლიგის მოგება? და სტივი ჯი?

კრისტალ პალასი – ლივერპული 3:3 (0:1)

ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 25 261

კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, დელანი, დანი, უარდი, იედინაკი, დიკხაცოი (ინსი 85), ლედლი, პანჩონი (გეილი 65), ბოლასიე, შამახი (მიურეი 71)

მწვრთნელი: ტონი პულისი

ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლანაგანი, ჯერარდი, ლუკას ლეივა, ალენი, სტერლინგი (ფილიპე კოუტინიო 78), სუარესი, სტარიჯი (მოზესი 86)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 ალენი (18), 0:2 სტარიჯი (53), 0:3 სუარესი (55), 1:3 დელანი (79), 2:3, 3:3 გეილი (81, 88)

გაფრთხილება: მარიაპა (30, დანი (67); ალენი (25), სუარესი (50), შკრტელი (63)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 5(3)-9(10), ჯარიმა: 6-8, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 1-3, სეივი: 6-3

 

მეგოლეები:

31 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

21 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

19 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)

17 – უეინ რუნი (3, “მანჩესტერ იუნაიტედი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)

16 – ვილფრიდ ბონი (4, “სუონსი”), ოლივიე ჟირუ (1, “არსენალი”)

0.112311