სატურნირო ცხრილის მეზობლები “ტოტენჰემი” და “მანჩესტერი” მე-13 ტურის მატჩს სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ. მანჩესტერელებმა შუა კვირაში ჩინებული წარმოდგენა გამართეს ლევერკუზენში, სადაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ადგილობრივ “ბაიერს” 5 უპასუხო გოლი გაუტანეს. ამით დაამტკიცეს, რომ საზარდულმტკივანი რობინ ვან პერსის გარეშეც შეუძლიათ შედეგიანად შეტევა. “ტოტენჰემის” ბანაკში კი რაღაც ქაოსური ვითარებაა. წინა ტურში “სიტისთან” 0:6 წაგებამ “დეზების” თავკაცთა მოთმინების ფიალა აავსო და მწვრთნელ ვილაშ-ბოაშს უთხრეს, თუ “იუნატედთანაც” წააგებთ, გუნდის დატოვება მოგიწევსო. საქმე ისაა, რომ ჩრდილოლონდონელებმა ზაფხულში გარეთ ბეილი მადრიდის “რეალში” დაახლოებით 100 მილიონ ევროდ გაყიდეს, ამ თანხას კიდევ 7 მილიონი დაამატეს და 7 ახალი ფეხბურთელი იყიდეს. მიზანი – 1961 წლის მერე პირველად ტიტულის მოგება. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა მოუკლეს და ცხრილის შუაში დადგნენ. უკმაყოფილებაც ამას მოყვა.
Aახლა კი მოკლედ მატჩზე. ჯერ მასპინძელმა კაილ უოლკერმა გაიტანა ეფექტური საჯარიმო, რუნიმ გაათანაბრა. მერე “დეზები” ბრაზილიელმა სანდრომ ისევ დააწინაურა, მაგრამ ცოტა ხანში დენი უელბეკის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი უეინ რუნიმ ზუსტად გარდასახა.
“გასულ კვირას “სიტისთან” დამარცხების შემდეგ ბევრს ეჭვი შეეპარა ჩემს პროფესიონალიზმში და ამით უპატივცემულობა გამოხატეს იმ წარმატებების მიმართ, რისთვისაც სხვა გუნდებში მიმიღწევია. დღეს კარგი პასუხი გავეცით პესიმისტებს. ასეთი მატჩები დამატებით მოტივაციას გვაძლევს,” – თქვა შემდეგ ვილაშ-ბოაშმა. მისი კოლეგა დევიდ მოიესი კი დაკარგულ ქულებს ნანობდა: “დარწმუნებით გეტყვით, რომ ორი ქულა დავკარგეთ. მართალია, მოწინააღმდეგე ღირსეულად თამაშობდა, მაგრამ ჩვენ უნდა მოგვეგო. ცუდია, რომ “არსენალს” საკმაოდ ჩამოვრჩებით, მაგრამ სეზონი გრძელია და კიდევ ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის,” – დასძინა მოიესმა პრესკონფერენციაზე.
“ჰალ სიტიმ” კი ტურის სენსაცია გამოაცხო. საჩემპიონოდ მომართულ “ლივერპულს” დამსახურებულად მოუგო და დაანახა, რომ გრანდებში მისი ჩაწერა ჯერ ნაადრევია. ცხადია, მერსისაიდელები შარშანდელზე გაცილებით უკეთეს სეზონს ატარებენ, მაგრამ “იმ” “ლივერპულამდე” ჯერ ბევრი უკლიათ. სტარიჯის გარეშე “წითლების” წინა ხაზი თითქოს დაობლებული იყო, სუარესი ჩვეულად ცდილობდა, მაგრამ ეტყობა ეს მათი დღე არ იყო. ზოგი მიმომხილველი კი წერს, ჯერარდი და კომპანია ზედმეტი თავდაჯერების გამო დაისაჯნენო. “საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავით, მაგრამ დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით. გასათანაბრებლად საკმაო დრო გვქონდა, მაგრამ ნორმალურად ვერ შევუტიეთ. იმედია, ოთხშაბათს სიტუაცია გამოსწორდება,” – ეს ბრენდან როჯერსის სიტყვებია.
ჩემპიონთა ლიგაში “ბაზელთან” წაგებამ “ჩელსის” არა მხოლოდ სამი ქულა, არამედ სამუელ ეტო’ოც დააკარგვინა, რომელმაც ტრავმა მიიღო და ორ კვირას დაისვენებს. კამერუნელი ბოლო დროს “არისტოკრატთა” შეტევის ბურჯად იქცა და ეს კერკეტ “საუთჰემტონთან” მატჩშიც გამოჩნდა, მასპინძელთა სამი გოლიდან ორი მცველებმა გაიტანეს. ჯერ კეჰილმა, შემდეგ კი ტერიმ, რომელიც თავის მე-400 მატჩს ატარებდა პრემიერლიგაში. მოურინიოს შეგირდებმა გაიმარჯვეს და მეორე ადგილზე მყარად დადგნენ.
“სიტიმ” მიქაელ ლაუდრუპის გუნდი მეორე ტაიმში გატეხა. “გედებს” ორი მთავარი კაცი – მიჩუ და ვილფრიდ ბონი – აკლადათ, თუმცა მაინც ხშირად აწუხებდნენ მასპინძელთა რუმინელ მეკარეს. ნეგრედოს ადრეულმა გოლმა ისინი ვერ შეაშინა, თუმცა 58 წუთზე ნასრის მიერ გატანილმა მეორე გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა.
ტოტენჰემი – მანჩესტერი 2:2 (1:1)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 35 884
ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, კირიკეში, უოლკერი, ლენონი (თაუნსენდი 65), დემბელე, პაულინიო, შადლი (სიგურდსონი 85), სანდრო, სოლდადო (დეფო 72)
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, ევანსი, სმოლინგი, ჯონსი, ვალენსია (ნანი 84), კლევერლი, რუნი, კაგავა (იანგი 84), უელბეკი (ერნანდესი 73)
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 1:0 უოლკერი (18), 1:1 რუნი (32), 2:1 სანდრო (54), 2:2 რუნი (პენ, 57)
გაფრთხილება: ლორისი (56); ევრა (77), ჯონსი (80), ვიდიჩი (89)
მსაჯი: მაიკ დინი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 2(2)-0(2), ჯარიმა: 8-13, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-2
ჰალ სიტი – ლივერპული 3:1 (1:1)
ჰალი. “კინგსტონი.” 24 940
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგეროა, დევისი, ბრიუსი, ჰადლსტოუნი, კორენი (როსენიორი 66), ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი, საგბო (გრემი 90), ბრეიდი (ბოიდი 90+2)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, ჯონსონი, შკრტელი, ფლანაგანი, ჯერარდი, ლუკას ლეივა, მოზესი (ლუის ალბერტო 74), ჰენდერსონი, სტერლინგი (ფილიპე კოუტინიო 66), სუარესი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 1:0 ლივერმორი (20), 1:1 ჯერარდი (27), 2:1 მეილერი (72), 3:1 შკრტელი (ს.კ. 87)
გაფრთხილება: დევისი (26), ბრეიდი (44)
მსაჯი: ჰოუვარდ უები
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 1(2)-1(0), ჯარიმა: 5-5, კუთხური: 1-4, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-1
ჩელსი – საუთჰემპტონი 3:1 (0:1)
ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 45 681
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ესიენი (ბა 46), რამირესი, აზარი, ოსკარი (ლამპარდი 42), ფერნანდო ტორესი (ობი მიკელი 84), მატა
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
საუთჰემპტონი: ბორუცი (გასანიგა 58), ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი, შოუ, ლალანა, შნაიდერლინი (ლამბერტი 67), ვანაიამა, უარდ-პროუსი (დევისი 63), როდრიგესი, ოსვალდო
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 როდრიგესი (1), 1:1 კეჰილი (55), 2:1 ტერი (62), 3:1 ბა (90)
გაფრთხილება: ესიენი (33); ლალანა (53), შნაიდერლინი (65), როდრიგესი (72), ოსვალდო (85)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 4(5)-0(4), ჯარიმა: 14-13, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 7-1, სეივი: 0-4
სიტი – სუონსი 3:0 (1:0)
მანჩესტერი. “ეტიჰედი.”
სიტი: პანტილიმონი, დემიკელისი, ლესკოტი, კლიში, საბალეტა, ნასრი, იაია ტურე, ხესუს ნავასი (კოლაროვი 76), ფერნანდინიო, აგუერო (ჯეკო 79), ნეგრედო (მილნერი 63)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
სუონსი: ტრემელი, ტიენდალი, უილიამსი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი, შელვი, პაბლო ერნანდესი (რუტლიჯი 62), კანიასი, პოსუელო (დაიერი 67), ალვარო
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
გოლები: 1:0 ნეგრედო (8), 2:0, 3:0 ნასრი (58, 77)
გაფრთხილება: აგუერო (48)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 5(11)-5(5), ჯარიმა: 7-8, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-4
მეგოლეები:
10 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
9 – ლუის სუარესი, დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)
8 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”), აარონ რემზი (“არსენალი”), უეინ რუნი (1, “მანჩესტერი”)