ფეხბურთი

9:30 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულის” ძნელი გამარჯვება

 

 პრემიერლიგის 29-ე ტურის გადმოტანილ მატჩში “ლივერპულმა” “თავისი” 3 ქულა აიღო, თუმცა მეორე ტაიმის ბოლოს ქომაგები საკმაოდ ანერვიულა. საქმე იქამდე მივიდა, რომ როცა მსაჯმა შეხვედრას 3 წუთი დაამატა, მთელმა “ენფილდმა” “წითლების” ცნობილი ჰიმნის მღერა დაიწყო რათა ფეხბურთელები გამოეფხიზლებინა. ბრენდან როჯერსის ბიჭებს ამჯერად რიხით გამარჯვება არ გამოუვიდათ. მანმადე მათ ზედიზედ ექვსი მატჩი ჰქონდათ მოგებული, რომლებშიც სამ ბურთზე ნაკლები არ გაეტანათ, ამჯერად კი თავად შეუქმნეს საკუთარ თავს პრობლემები, რაღაც მომენტში თამაშის სადავეები დაეკარგათ და ამისათვის კინაღამ დაისაჯნენ.

სტუმართა ურუგვაელმა დამრიგებელმა, გუსტავო პოიეტმა ერთგვარად ექსპერიმენტული, თუმცა დაცვაზე ორიენტირებული შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე. ხუთი ნომინალური მცველი ამის დასტური იყო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა მეტოქის საჯარიმოში სიმჭიდროვის გამო უფრო შორი მანძილიდან უწევდათ მოქმედება. თანაც რიგ ეპიზოდებში ინდივიდუალური თამაშითაც ერთობოდნენ. კლასმა თავისი მაინც გაიტანა და ტაიმის მიწურულს სუარესის წაქცევისათვის დანიშნული ჯარიმა კაპიტანმა ჯერარდმა უნაკლოდ შეასრულა.

მეორე ნახევრის დასაწყისშივე სტარიჯმა ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის წლეულს პრემიერლიგაში მე-20 გამოდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 1964 წლის შემდეგ, ერთი სეზონის განმავლობაში “ლივერპულის” ორმა ფეხბურთელმა პირველად უწია 20-გოლიან ზღვარს.

მასპინძლები შემდეგაც ცდილობდნენ ანგარიშის გაზრდას, მაგრამ ბოლოსკენ თითქოს რაღაც დაემართათო, პასიურები გახდნენ, “სანდერლენდმა” კი ღია თამაში შესთავაზა მეტოქეს, გაბედულად წავიდა შეტევაში ერთი ბურთი გაქვითა. გოლი შეცვლაზე შესულმა კორეელმა სუნგ-იონგ კიმ გაიტანა. მომხვდურნი ამის შემდეგაც აგრძელებდნენ შეტევებს, მაგრამ გასათანაბრებლად დრო აღარ ეყოთ.

“ვესტ ჰემისა” და”ჰალ სიტის” მატჩში კი სტუმრებმა უმეტესი სათამაშო დრო უმცრესობაში გაატარეს. 24-ე წუთზე მსაჯმა მათი მეკარე ალან მაკგრეგორი უხეშობისთვის გააძევა. პენალტიც დანიშნა და “ჩაქუჩები” მარკ ნოუბლმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმართა ხორვატმა ნიკიცა იელავიჩმა გაათანაბრა, თუმცა მალევე “ჰალ სიტის” მცველმა, ჯეიმს ჩესტერმა საკუთარ კარში შეაგდო ბურთი და მატჩიც ასეთი ანგარიშით დამთავრდა.

ვესტ ჰემი – ჰალ სიტი 2:1 (1:0)

ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 31 033

ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, მაკარტნი, კოლინზი (ჯონსონი 9), ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი, ტეილორი, ნოუბლი, დიამე (ჯო კოული 69), კეროლი

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგეროა (როსენიორი 59), დევისი, ბრიუსი (ჰარპერი 25), ჩესტერი, ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი, ლონგი, იელავიჩი (საგბო 82)

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 1:0 ნოუბლი (26 პენ), 1:1 იელავიჩი (49), 2:1 ჩესტერი (ს.კ. 54)

გაფრთხილება: ლივერმორი (18)

გაძევება: მაკგრეგორი (24)

მსაჯი: მაიკ დინი

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 5(4)-1(5), ჯარიმა: 11-8, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 1-4, სეივი: 2-1

 

ლივერპული – სანდერლენდი 2:1 (1:0)

ლივერპული. “ენფილდი.” 44 524

ლივერპული: მინოლე, გლენ ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლენაგანი, ჯერარდი, ალენი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო, სუარესი, სტარიჯი (სტერლინგი 77)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, დოსენა (კოლბექი 83), ბერდსლი, ვერგინი, კატერმოლი, ბრიდკუტი, ჯაკერინი (ადამ ჯონსონი 61), ალტიდორე, უიკჰემი (სუნგ-იონგ კი 61)

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გოლები: 1:0 ჯერარდი (39), 2:0 სტარიჯი (48), 2:1 სუნგ-იონგ კი (76)

გაფრთხილება: ვერგინი (37), ბერდსლი (40)

მსაჯი: კევინ ფრენდი

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 5(10)-3(3), ჯარიმა: 5-14, კუთხური: 3-4,  თამაშგარე: 2:2, სეივი: 3-5

 

მეგოლეები:

28 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

20 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

17 – იაია ტურე (5, “სიტი”)

15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

0.165409