“ლივერპული” “ოლდ ტრეფორდზე” უკვე კარგა ხანია ფავორიტის როლში არ ჩასულა. ალბათ, ბოლოს ასეთი რამ 2008-09 წლების სეზონში იყო, როცა ჯერ კიდევ რაფაელ ბენიტესის გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედს” პირველობისთვის ებრძოდა და სტუმრად 4:1 დაამარცხა. საბოლოოდ, ჩემპიონი მაინც “მანჩესტერი” გახდა, მაგრამ “ის” “ლივერპული” ყველას კარგად ახსოვს. დღეს კი სულ სხვა ვითარებაა და ზაფხულში მანჩესტერელთა რიგებში ალბათ დიდი ცვლილებები მოხდება, არა მარტო ფეხბურთელების და მწვრთნელების ბანაკში, არამედ, ხელმძღვანელობაშიც. ახალი აღმასრულებელი დირექტორის ედ ვუდვორდის პირველი სეზონი აშკარად ჩავარდა.
საშინელებაა, ეს ერთ-ერთი უცუდესი დღე იყო ჩემს კარიერაშიო – თქვა მერე უეინ რუნიმ და მართალიც იყო, სტუმრები თავიდანვე აკონტროლებდნენ თამაშის მიმდინარეობას, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს და ტაიმის მიწურულს გაიტანეს კიდეც. სუარესის სწრაფი შეტევისას მასპინძელ რაფაელს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და სტივენ ჯერარდმა ზუსტად დაარტყა პენალტი. მანჩესტერელთათვის მეორე ტაიმიც ცუდად დაიწყო. გუნდებს ჯერ ორი წუთიც არ ეთამაშათ, რომ მარკ კლატენბურგმა ისევ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. ამჯერად ფილ ჯონსმა ჯო ალენი წააქცია საკუთარ საჯარიმოში. ჯერარდმა ისევ უნაკლოდ შეასრულა და 0:2. ჯერარდს ჰეთ თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ 78-ე წუთზე დანიშნული კიდევ ერთი პენალტი გაუცუდდა, ბურთი ძელს გაარტყა. ამ ეპიზოდზე კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ სტარიჯის წაქცევისათვის, მსაჯმა ერთი შეხედვით, საკამათო თერთმეტმეტრიანი დანიშნა და თანაც მასპინძელთა კაპიტანი ნემანია ვიდიჩი გააძევა (მეორე ყვითელი). კიდევ იყო სადავო სიტუაციები, მაგრამ ჯამში “იუნაიტედი” ძალიან უსუსური ჩანდა. მათ იშვიათ გაბრძოლებებს სიმწვავე აკლდა. მერსისაიდელებმა კი მესამე მაინც გაიტანეს, მათმა მთავარმეგოლემ ლუის სუარესმა ისევ გამოიჩინა თავი - 0:3.
ამ გამარჯვებით “ლივერპულმა” დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად. “ჯერ კიდევ შარშან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით, მაგრამ დრომ ყველაფერი შეცვალა, - უთხრა როჯერსმა Sky Sports-ს, - ვფიქრობ, ახლა ფორმის პიკს მივაღწიეთ და შეჩერება არ შეიძლება, სხვა ლიდერებსაც უნდა მოვუგოთ. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები მატჩიდან მატჩამდე უმატებენ. შესაძლოა, ბევრი სახელოვანი მოთამაშე არ გვყავს, სამაგიეროდ გუნდურად ვართ ძალიან ძლიერები.”
ჯერარდმა კი დაამატა: “მანჩესტერში მოსაგებად ჩავედით და ამოცანა შევასრულეთ. პირადად ჩემთვის ეს ფანტასტიკური დღეა. ბევრჯერ მითამაშია ამ სტადიონზე, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება სულ სხვაა. განსაკუთრებით ჩვენი დამრიგებლის მუშაობა უნდა გამოვყო. სწორედ მისმა არჩეულმა ტაქტიკამ შეგვაძლებინა მინდვრის ბატონ-პატრონები ვყოფილიყავით. “
“ლივერპულმა” ჩვენზე კარგად ითამაშა, თუმცა ზოგ შემთხვევაში მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო. გარდამტეხი მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი პენალტი გამოდგა,” – თქვა მოიესმა.
ლონდონური დერბი კი “მეთოფეებმა” მოიგეს. “ტოტენჰემი” და “არსენალი” არა მხოლოდ გეოგრაფიული მეზობლები არიან, არამედ სატურნირო ცხრილშიც ახლოს დგანან. კვირის მატჩი კი “დეზებისთვის” ძალიან ცუდად დაიწყო, უკვე მეორე წუთზე ტომაშ როსიცკიმ ღონიერი დარტყმით გასნა ანგარიში და მასპინძლებს თავ-გზა აუბნია. ისიც სათქმელია, რომ სეზონის ბოლოს ტოტენჰემელთა დაცვამ საკუთარ მეკარესთან კავშირი დაკარგა. ისინი ძალიან ხშირად უშვებენ უხეშ შეცდომებს და ისჯებიან კიდეც. ამის შემხედვარე ტიმ შერვუდმა, რომელიც მოთამაშეობისას თავად საყრდენი ნახევარმცველი იყო, ვეღარ მოითმინა და სასოწარკვეთილმა ქურთუკი მოისროლა. ხუმრობა ხომ არ არის, მისმა შეგირდებმა ბოლო რვა დღის განმავლობაში მიჯრით მესამედ წააგეს, ორჯერ პრემიერლიგაში და ერთხელაც ევროპის ლიგაზე “ბენფიკასთან.”
მანჩესტერ იუნაიტედი – ლივერპული 0:3 (0:1)
მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.”
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, რაფაელი, ჯონსი, კერიკი, ფელაინი (კლევერლი 76), იანუზაი (უელბეკი 76), ვან პერსი, რუნი, მატა (ფერდინანდი 87)
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლენაგანი, ჯერარდი (ლუკას ლეივა 86), ალენი, ჰენდერსონი, სტერლინგი (ფილიპე კოუტინიო 72), სუარესი, სტარიჯი (იაგო ასპასი 90+2)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 0:1, 0:2 ჯერარდი (34 პენ, 46 პენ), 0:3 სუარესი (84)
78-ე წუთზე ჯერარდმა პენალტი ვერ გაიტანა
გაფრთხილება: რაფაელი (32), ვიდიჩი (71); ფლენაგანი (31), ჯერარდი (37), შკრტელი (54)
გაძევება: ვიდიჩი (77)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 1(4)-4(6), ჯარიმა: 10-11, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-1
ტოტენჰემი – არსენალი 0:1 (0:1)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.”
ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, ვერტონგენი, როუზი, ნოგტონი, შადლი (სიგურდსონი 68), სანდრო (პაულინიო 68), თაუნსენდი, ერიკსენი (სოლდადო 82), ბენტალები, ადებაიორი
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, როსიცკი (ფლამინი 68), არტეტა, კასორლა, პოდოლსკი (ნაჩო მონრეალი 77), ჟირუ, ოქსლეიდ-ჩემბერლენი
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლი: 0:1 როსიცკი (2)
გაფრთხილება: შადლი (33), სანდრო (48), ვერტონგენი (76), როუზი (90+3); სანია (22), გიბსი (45+1), ფლამინი (80)
მსაჯი: მაიკ დინი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 3(6)-2(4), ჯარიმა: 18-12, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 3-5, სეივი: 2-2
მეგოლეები:
25 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
18 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)
15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
13 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), იაია ტურე (3, “სიტი”), ედენ აზარი (3, “ჩელსი”)