თავის დროზე, ლიუბინკო დრულოვიჩი სერბეთის ეროვნული გუნდის გასახდელში მთავარი ხუმარა იყო, ხოლო ამჟამად 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ამზადებს. სხვათა შორის, სერბებმა ლიტვის საგზური სულ ბოლოს მოიპოვეს. მანამდე, დრულოვიჩს არცერთ სანაკრებო დონეზე ნამუშევარი არ ჰქონდა, ხოლო ახლა ტურნირის ნახევარფინალში გასვლას გეგმავს.
- ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლით ამაყობთ?
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფინალურ ეტაპზე მეოთხედ მოვხვდით. თანაც, ეს ზედიზედ მესამედ შევძელით. მომხდარი ყველას უნდა ახარებდეს, ვისაც სერბულ ფეხბურთთან შეხება აქვს. მართალია, დიდი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ საწუწუნო არაფერი გვაქვს. მოთამაშეთა ამ თაობით და ჩემი ასისტენტებით ვამაყობ. ჩვენ საუცხოოდ ვიმუშავეთ.
- სერბეთის ნაკრებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ უთამაშია, ხოლო ელიტრაუნდში შვეიცარიასა და სლოვაკეთს მხოლოდ ბოლო მომენტში აჯობა გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით...
- ოფიციალური მატჩების ართამაშის გამო, ელიტრაუნდის წინ არცთუ მარტივ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ამხანაგურები რამდენიც უნდა ითამაშო, ისინი ოფიციალურებს ვერ შეცვლიან. პირველ ტურში სლოვაკებთან 4:0 გამარჯვების შემდეგ, ფსიქოლოგიური წნეხი მოგვეხსნა. მართალია, შემდეგ შვეიცარიასთან წავაგეთ, რადგან ჩვენს გუნდს ევროპულ არენაზე თამაშის გამოცდილება არ ეყო. თუმცა, საერთო ჯამში, პირველი ადგილი დავიმსახურეთ.
- რას ნიშნავს თქვენთვის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა?
- ეს ამტკიცებს, რომ ამ თაობას ფეხბურთისთვის საჭირო ყველა სათამაშო და ფსიქოლოგიური თვისებები აქვს. ერთწლიანი მომზადების პერიოდში, თითოეულმა აჩვენა, რომ უმაღლეს დონეზე გასვლისთვის საჭირო ყველაფერი აქვს: პროფესიონალიზმი, ფეხბურთის სიყვარული, ტექნიკა, საერთო მიზნის გააზრება, სწავლის სურვილი, შემტევი ფეხბურთისკენ მიდრეკილება. ჩვენ მოვუმატეთ და მცირე იღბლის დახმარებით დიდ წარმატებას მივაღწიეთ.
- ამ თაობის ორი ფეხბურთელი უკვე თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. ეს ლაზარ მარკოვიჩი და ალეკსანდარ მიტროვიჩი არიან. ისინი თქვენი გუნდის მთავარი ძალაა?
- ისინი ეროვნულ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ და ამასთანავე, ვოცნებობ, რომ ჩვენთან ერთად ლიტვაში წამოვიდნენ. მათთან ერთად სრულიად სხვა გუნდი ვიქნებით. ელიტრაუნდში მარკოვიჩს არ უთამაშია, ხოლო მიტროვიჩმა მეორე და მესამე მატჩები ჩაატარა. მათთან ერთად ჩვენი მისია უფრო რეალური იქნება.
- B ჯგუფში თქვენს მეტოქეებზე – თურქეთის, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებზე რას ფიქრობთ?
- სერიოზული ჯგუფია. ამ დონეზე საფრანგეთი ყოველთვის ძლიერია. წინა გათამაშებაში ფრანგებს ესტონეთში ვეთამაშეთ. შარშან საქართველოსთან ორი მატჩი ჩავატარეთ: ერთი მოვიგეთ, მეორე წავაგეთ. საქართველოც ღირსეული მეტოქეა. გასული წლის შემოდგომაზე თურქებს ლიტვაში 6:3 მოვუგეთ, მაგრამ ისინი ოპტიმალური შემადგენლობით არ იყვნენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი გუნდები დაამარცხეს საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნათელია, რომ პოტენციალი აქვთ. მათ მიერ ჩატარებულ მატჩებს ვნახავთ და შევეცდებით, რაც შეიძლება კარგად გავაანალიზოთ.
- ლიტვაში რა შედეგს გეგმავთ?
- პირველ ყოვლისა, ჩემს მოთამაშეებს ვეტყვი, რომ ტურნირისგან სიამოვნება მიიღონ. ჩვენ ხომ ევროპის რვა უძლიერესი გუნდიდან ერთ-ერთი ვართ. ვეტყვი: “თამაშით ისიამოვნეთ, გაიხედ-გამოიხედეთ და აჩვენეთ, რაც შეგიძლიათ”. ტურნირზე უპირველესი ამოცანა ნახევარფინალში გასვლა იქნება, მაგრამ ამისთვის გვარიანად მუშაობა მოგვიწევს.