კალათბურთი

19:01 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიტვასთან ფაჩულიას და სანიკიძის თამაში სათუოა

დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ქალაქ პანევეჟისში ლიტვას დაუპირისპირდება. იგორ კოკოშკოვის გუნდი ლიტვაში დღეს, გამთენიისას ჩავიდა სპარინგ-მატჩების ჩასატარებლად. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისში მყოფ ლიტვას ქართველები დღეს პანევეჟისში შეხვდებიან, ხოლო 30 ივლისს – ვილნიუსში.

მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში ლიტველთათვის ეს მეორე მატჩია. 26 ივლისს ლიტვა ბალტიისპირულ დერბიში ლატვიას დაუპირისპირდა და 93:74 დაამარცხა. მთლიანობაში ლიტველებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე 15 სპარინგ-მატჩი აქვთ დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრები ლიტვაში 14 კალათბურთელით ჩავიდა. მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, სლოვენიიდან საქართველოში აკაკი დვალიშვილი და ლაშა ფარღალავა დაბრუნდნენ.

როგორც ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრმა, კოტე ტუღუშმა შეგვატყობინა, გადაწყვეტილი არაა, ითამაშებენ თუ არა დღევანდელ მატჩში ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე:

- ფაჩულიას და სანიკიძეს ფეხის ტრავმა აწუხებთ და უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება, ითამაშებენ თუ – არა. მატჩი ტელევიზიით გადაიცემა და ალბათ საშუალებას არ მოგვცემენ, 14 კალათბურთელი ვათამაშოთ. განაცხადში 12 კალათბურთელს შევიყვანთ, ხოლო ვის მოუწევს დასვენება, ჯერ უცნობია.

- გუნდი თამაშამდე ივარჯიშებს?

- გამომდინარე იქიდან, რომ სლოვენიიდან ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიხდა და პანევეჟისში წუხელ, ღამის 4 საათზე ჩამოვედით, დღეს დილას დანიშნული ვარჯიში გავაუქმეთ, ბიჭებს დასვენების საშუალება მივეცით. ხვალ გავემგზავრებით ვილნიუსში, სადაც 30 ივლისს ლიტვის ნაკრებთან მეორე ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ და მეორე დღეს საქართველოში დავბრუნდებით.

ლიტვისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთერში ნახვა შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი: http://www.sportotv.lt/

www.gbf.ge

0.114866