კალათბურთი

19:19 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანს, ახვლედიანის სახით, პირველი კონკურენტი გამოუჩნდა

23 ივნისს “კალათბურთელთა კავშირმა” სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” საპრესკონფერენციო დარბაზში მასმედიისთვის შეხვედრა გამართა, რომელსაც “კალათბურთელთა კავშირის” წევრებთან ერთად, მწვრთნელები, მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები ესწრებოდნენ.

ვეტერანმა კალათბურთელმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელმა, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა გურამ მინაშვილმა, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილმა გიორგი საკანდელიძემ და კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონის მიხეილ ქორქიას ქალიშვილმა სოფო ქორქიამ, 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად “კალათბურთელთა კავშირის” თავმჯდომარე მიხეილ ახვლედიანი წარადგინეს.

გურამ მინაშვილი: “2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბესიკ ლიპარტელიანმა და მისმა თანამზრახველებმა, სხვადასხვაგვარი მანიპულაციებით, ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია დაამარცხეს. მას შემდეგ ლიპარტელიანი ორივე ხელით ჩასჭიდებია პრეზიდენტის სავარძელს და არაფრისდიდებით არ თმობს. ლიპარტელიანის მოსვლამდე, ფედერაციის პრეზიდენტს ორჯერ ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ლიპარტელიანმა ეს მუხლი შეცვალა და უვადო გახადა. გამგეობის ერთ-ერთ სხდომაზე ლიპარტელიანს ვუთხარი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო. მან კი მიპასუხა: არავის დაეკითხება და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცუდ მუშაობაზე უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენი ქვეყნის პერსპექტიულ ნაკრებს ქალთა კალათბურთში მომუშავე დრაჟენ ბრაიკოვიჩი დაუნიშნეს, სოლიდური ხელფასით. კარგად მოგეხსენებათ, ბრაიაკოვიჩის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა რა წარმატებასაც მიაღწია.

საქართველოში კალათბურთი პოპულარობით ფეხბურთს ჩამორჩებოდა. წარმატებებით მორაგბეებმა გადაგვასწრეს და სულ უფრო ქვევით მივექანებით.

ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ ახვლედიანი საკალათბურთო სკოლის “მართვეს” აღზრდილია. იგი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე სხვადასხვა კლუბებში გამოდიოდა. მჯერა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ახვლედიანი ქართული კალათბურთისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს”.

მინაშვილისთვის მადლობის გადახდის შემდეგ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა მიხეილ ახვლედიანმა: “2001 წლის შემდეგ, როცა ბესიკ ლიპარტელიანი საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მივიდა, მომდევნო არჩევნებში სერიოზული კონკურენტი აღარ ჰყოლია, რადგან წესდებიდან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა.

ჩვენი მოთხოვნის შემდეგ, მიმდინარე წლის 6 ივნისს ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდების პროექტი. როგორც აღმოჩნდა, ლიპარტელიანის განცხადებით, იურისტთა ჯგუფის 6-თვიანი(!!!) მუშაობის შედეგად მივიღეთ საჯარო რეესტრის საიტიდან კოპირებული, 4 გვერდისგან შემდგარი 8-მუხლიანი წესდების ნიმუში, რომელიც წინა წესდებებისგან განსხვავებით, ახლა უკვე წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო ფიბას - ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოსთან და რეკომენდაციებთან, არამედ საქართველოს კანონმდებლობასთანაც”.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ “კალათბურთელთა კავშირის” იურისტები – დავით საყვარელიძე და გიორგი ანთაძე.

დავით საყვარელიძე: “ფედერაციის წესდებისაგან განსხვავებით, ჩვენი წესდება 79 მუხლისგან შედგება. თუ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გაითვალისწინებს FIBA-ს რეკომენდაციებს, ყრილობა უნდა იყოს იურიდიული ორგანო, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტი, მიიღოს და გარიცხოს გამგეობის მისთვის მიუღებელი წევრები. ამჟამად. ფედერაციაში ყრილობის ფუნქციები გამგეობას აქვს საკუთარ თავზე აღებული.”

გიორგი ანთაძე: “საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია არის FIBA-ს წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკისრი აქვს FIBA-ს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის FIBA-ს – ეროვნული ფედერაციის სახელმძღვანელოს მოთხოვნების გათვალისწინება”.

0.196985