გერმანიის ქალაქ ფრიზინგში ფიბა-ევროპის შტაბ-ბინაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი ესწრებოდნენ. საინტერესოა, რას ფიქრობენ ქართული კალათბურთის მესვეურები მას შემდეგ, რაც A დივიზიონში ჩვენი მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ბესიკ ლიპარტელიანთან ინტერვიუ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ბესიკ ლიპარტელიანი: "საქართველოდან რომ მივდიოდით, იმაზე ვფიქრობდით, რომ იტალია არ შეგვხვედროდა. საბოლოოდ, ასეც მოხდა, თუმცა არ ვთვლით, რომ იოლ ჯგუფში მოვხვდით. სწორედ იტალიის და ჩვენი ჯგუფებია გამორჩეულად ძლიერები, ხოლო ყველაზე სუსტი B ჯგუფია. კარგი იყო, ჩვენც იქ ვყოფილიყავით, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არას გვარგებს. ერთი რამ ნათელია: თუკი A დივიზიონში გადასვლის პრეტენზია გვქონდა, ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით".
– და მაინც, რას იტყვით ჩვენს მეტოქეებზე?
– ოთხივე გუნდი საკმაოდ ძლიერია. ძნელიცაა, რომელიმე გამოარჩიო, იმდენად დაბალანსებული ჯგუფია. ბულგარეთს ბოლო წლებში შინ არ წაუგია, ბელგია საკმაოდ ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ზოგადადაც კარგი გუნდია. პორტუგალიაც ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი, ხოლო პოლონეთზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, იმხელა გამოცდილების და პოტენციალისაა ეს ნაკრები.
– ოფიციალურ ტურნირებზე ჩვენი ეროვნული ნაკრების პირველი მეტოქე სწორედ პოლონეთი გახლდათ...
– დიახ, ეს 1995 წელს იყო და ნაკრების მწვრთნელი მაშინ მე გახლდით. პირველი ოფიციალური ტურნირი გვქონდა და საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშმა ინგლისის ქალაქ ბირმინგემში მოგვიწია. პოლონეთი ფავორიტი გახლდათ, რომელიც პირველივე მატჩში შეგვხვდა და 23 ქულით დაგვამარცხა. თუმცა, შემდეგ საკმარისი მატჩები მოვიგეთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ.
– პოლონეთი პირველი მეტოქე იქნება ამ შესარჩევ ეტაპზეც. ზოგადად, კალენდარზე რას იტყვით?
– შეიძლება ითქვას, კალენდარში გაგვიმართლა. ბოლო შეჯიბრებებში სულ ისე გვიწევდა, რომ შესვენების გარეშე ვთამაშობდით. ანუ ჯგუფში გუნდების კენტი რაოდენობა რომ იყო, ჩვენ მაინცდამაინც ბოლო ტურში გვიწევდა დასვენება და გამოდიოდა, რომ ყველა მატჩს დასვენების გარეშე ვთამაშობდით.
ახლა კი, ამ მხრივ საქმე კარგად აეწყო. პირველ ტურში შინ პოლონეთს ვხვდებით და თუკი გავიმარჯვეთ, წინ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ. მორიგი მატჩი სრუმრად გვაქვს ბელგიაში და იქ გამარჯვებულის ფსიქოლოგიით გავემგზავრებით. მომდევნო ტურში ვისვენებთ და მერე პორტუგალიას ვმასპინძოლბთ. ბოლო ტურში შინ ბულგარეთს ვეთამაშებით. ერთი სიტყვით, კალენდარით უკმაყოფილოები არ უნდა ვიყოთ.
– როგორ ფიქრობთ, მოვახერხებთ ჯგუფიდან გასვლას?
– ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმც მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ იმის ილუზია, რომ უეჭველად ევროპის ჩემპიონატზე ვართ გასულები, ნურავის ნუ ექნება. ჩვენი უმთავრესი მიზანი ელიტაში ადგილის დამკვიდრებაა, ჯგუფიდან გასვლის თუნდაც მცირე შანსის გაჩენის შემთხვევაში კი, მის გამოყენებას ვეცდებით. გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას ექნება, ტურნირისთვის როგორ მოვემზადებით.
– მოსამზადებელ შეკრებას გულისხმობთ?
– გუნდის შეკვრა-შეთამაშებაზე მაქვს საუბარი, რისთვისაც უმთავრესი პირობა ნაკრების ყველა წევრის დროულად ჩამოსვლაა. მოგეხსენებათ, ჩვენს გუნდს ეს პრობლემა სულ აწუხებდა და ამჯერად მაინც, ყველა ლეგიონერის დროულად შეკრება უნდა მოვახერხოთ. მითუმეტეს, რომ ყველაზე გადატვირთული გრაფიკი ახლაა. 25 დღეში 8 მატჩის გამართვა გვიწევს. ერთ მონაკვეთში ისე ემთხვევა, რომ 9 დღეში 4 შეხვედრა გვაქვს. ასეთი დატვირთული გრაფიკისთვის ყველა მზად უნდა იყოს. მართალია, ჩვენი ლეგიონერები ძალიან კარგ გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ნაკრებთან შეკრების გავლა აუცილებელია, რათა ფიზიკური ფორმის განმტკიცებასთან ერთად, გუნდს კიდევ უფრო შეერწყან. ვინც სრულფასოვან შეკრებას არ გაივლის, შესაძლოა, 2-3 მატჩი კი ნორმალურად ითამაშოს, მაგრამ ბოლომდე ძალები არ გასწვდება.
– გერმანიაში, კენჭისყრის შემდეგ ჩვენს მეტოქეებთან თუ გქონდათ საუბარი ?
– რა თქმა უნდა, ყველა მათგანს გავესაუბრეთ, თუმცა, ეს უფრო საქმიანი შეხვედრას გავდა. ტექნიკურ საკითხებს შევეხეთ, რომელიც ჩვენი მომავალი მატჩების თანამდევი იქნება, ხოლო რაც შეეხება კონკურენტებზე ინფორმაციის მოპოვებას, ამაში სხვა ქვეყნები დაგვეხმარებიან. მაგალითად, ესტონელები, რომელიც B დივიზიონში გავარდნენ, დაგვპირდნენ, რომ პორტუგალიასა და ბულგარეთთან მათი თამაშების ვიდეოფირებს მოგვცემენ.
– ამხანაგური მატჩების შესახებ ხომ არ შეუთანხმდით ვინმეს?
– შეთანხმებას მივაღწიეთ ისრაელის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, რომ აუცილებლად ვითამაშებთ ამხანაგურ მატჩს. სად ჩატარდება იგი, ჯერ არ ვიცით. ან თბილისში, ანაც ისრაელში. პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ ისრაელში ჩავა, ნაკრების მწვრთნელთან გაისაუბრებს და საკუთარ მოსაზრებას მატჩის გამართვის დროსა და ადგილთან დაკავშირებით, მერე გვაცნობებს
გვსურს, რომ თბილისში საერთაშორისო ტურნირი გავმართოთ და იმედია, ამ ჩანაფიქრს განვახორციელებთ. ამას გარდა, ერთ უცხოურ ტურნირშიც ვითამაშებთ და ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება. ფედერაცია სახელმწიფოს ხელშეწყობით დასახავს კონკრეტულ გეგმებს, დანიშნავს შეკრებას და იმედი მაქვს, გუნდის ყველა წევრი ბოლომდე დაიხარჯება, რისი წყალობითაც დასახულ მიზანსაც მივაღწევთ.
– კენჭისყრის გამართვამდე, საკალათბურთო წრეებში რა განწყობა სუფევდა?
– ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ჩვენი ნაკრები უმეტესობას ანგარიშგასაწევ ძალად მიაჩნდა. მოგეხსენებათ, ბოლო კალათაში საქართველო, ჩერნოგორია და უკრაინა იყვნენ. არავინ მალავდა, რომ ამათგან საკუთარ ჯგუფში უკრაინას ისურვებდა. კენჭისყრის დროს ჩემს გვერდით მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იჯდა, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა, როცა მათ ჯგუფში ბოლო კალათიდან უკრაინა ამოიღეს. არადა, როცა ჩერნოგორია A ჯგუფში გაამწესეს, ბოლო კალათაში საქართველო და უკრაინა დავრჩით. ჩვენ მაკედონიასთან მოხვედრა გვსურდა, თუმცა კალათიდან უკრაინა ამოიღეს.
– ჩვენი ნაკრების მწვრთნელი რა აზრისაა მეტოქეებზე?
– იგორ კოკოშკოვმა აღნიშნა, რომ ძლიერ ჯგუფი შეგვხვდა. მისი აზრიც ისაა, რომ B ჯგუფში მოხვედრა სჯობდა, თუმცა ამას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მთავარია, კარგად მოვემზადოთ და შედეგს აუცილებლად მივაღწევთო.