საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ვარლამ ლიპარტელიანს პარიზის გრანდ სლემზე მიღებული ტრავმის მოსაშუშებლად დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია და ოფიციალური კომენტარები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა. შეგახსენებთ, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ფრანგული ტურნირის ნახევარფინალში, გერმანელ მარკ ოდენტალთან ჭიდაობისას ფეხი იტკინა და ტრავმის მიუხედავად, შეხვედრის მოგება მაინც შეძლო. ფინალში კი აღარ იჭიდავა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
„ვარლამ ლიპარტელიანს დაზიანებული აქვს ბარძაყის კუნთი, აგრეთვე აქვს მცირე გემატომა, მაგრამ საშიში არაფერია. ადგილზე ყველანაირი საჭირო პროცედურა ჩაუტარდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი დასჭირდება დაახლოებით ორკვირიანი მკურნალობა, რომელიც მოიცავს ფიზიოთერაპიასა და კინეზოთერაპიას" – განაცხადა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა.
თავად ლიპარტელიანმა კი აღნიშნა, რომ ფინალის წინ სამედიცინო პრეპარატებით ტკივილი გაუყუჩეს, მაგრამ მწვრთნელებმა და ექიმებმა რისკი აღარ გასწიეს.
“ეს, რომ ყოფილიყო მსოფლიოს ჩემპიონატი ან ოლიმპიური თამაშები, შეიძლებოდა თავის გადადება, მაგრამ წინ მთელი სეზონია და უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გველის" – დასძენს ვარლამ ლიპარტელიანი.