რაგბი

11:43 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონი” “ბურგონმა” შეაჩერა

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ის ლიდერმა - ვიტო კოლელიშვილის “ლიონმა”, შვიდმატჩიანი მოგებათა სერია 25-ე ტურში, “ბურგონთან” დასკვნით 20 წუთში დაშვებული შეცდომების გამო შეწყვიტა.

ლელოუხვ მატჩში ქართველი მესამეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 53 წუთი გაატარა. მისი შეცვლისას სტუმრებს ხუთი ლელო ჰქონდათ გატანილი და მეტოქეს 16 ქულის სხვაობით ამარცხებდნენ (33:17), თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტიმ ლეინის შეგირდებს მოდუნება 3 ქულად დაუჯდათ. დასკვნით 20 წუთში “ბურგონმა” ორი ლელო გაიტანა, ორივე გარდასახვა გამოიყენა და ბოლო წუთზე შესრულებული ჯარიმით 34:33 იმარჯვა. ამრიგად, “ლიონს” ფაქტობრივად მოგებული თამაშიდან მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა შერჩა, თუმცა, 94 ქულით ის კვლავ პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებს.

82 ქულით მეორე ადგილზეა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელმაც განვლილ ტურში სტუმრად “კოლომიე” 20:14 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. 79 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს ტარიელ რატიანიძის “აჟენს”. ამ გუნდმა ქართველი პირველხაზელის გარეშე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “პოს” 19:6 აჯობა.

ხუთეულში მოხვედრის და შესაბამისად, Top 14-ის საგზურისთვის პლეი ოფში ბრძოლის გაგრძელების შანსს ინარჩუნებს გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”. უკანასკნელ 10 მატჩში, ამ გუნდს მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა და სამწუხაროდ, განვლილ ტურში მას ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” 27:18 აჯობა, რითაც საპლეიოფო ზონასთან კიდევ უფრო მიახლოვების შანსი არ მისცა. თავის მხრივ, არასტაბილური თამაშის გამო, “ორიაკმა” პლეი ოფში გასვლის პრაქტიკული შანსი უკვე დაკარგა და მისთვის ამ გამარჯვებას ბევრი არაფერი შეუცვლია.

ამ მატჩში სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ტრადიციულად სრულად გაისარჯა “ბორჯღალოსანთა” მეორეხაზელი დათუნაშვილი. პირველივე წუთებიდან დაიწყო თამაში სტუმართა მესამეხაზელმა ჩხაიძემ, რომელიც 30-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნემსაძე თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო. პირველ ტაიმში “ორიაკმა” ორი ლელო გაიტანა და ერთი გარდასახვა გამოიყენა, მაგრამ თავად ოთხი ჯარიმა გაუშვა - 12:12. მეორე ტაიმში მათ კიდევ ორი ჯარიმა მიიღეს, თუმცა, თავად ხუთი გაიტანეს. შედეგად, “ორიაკი” 57 ქულით მერვე ადგილამდე დაწინაურდა, “ტარბი” კი, 66 ქულით მეექვსე პოზიციაზე დარჩა და საპლეიოფო ზონას 7 ქულა აშორებს.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბი” “ნარბონთან” 19:40 დამარცხდა. სტუმართა განაცხადში მხოლოდ თოდუა მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმის ბოლომდე, თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ანგარიშიც 9:9 იყო, მაგრამ შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასპინძლები ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. განახლდა თამაში და უბურთო თოდუას წინააღმდეგ თამაშისთვის დანიშნული ჯარიმით “ალბიმ” ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ “ნარბონი” უკვე დიდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა და 40:19 დამსახურებულად გაიმარჯვა. “ალბი” 45 ქულით მე-13-ე პოზიციაზეა და გასავარდნ ზონასთან მისი უპირატესობა 9 ქულამდე შემცირდა.

Pro D2-ში დარჩენისთვის მებრძოლმა თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილის და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესმა”, ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი, თორნიკე ლომიძის “ოში” 36:25 დაამარცხა. მასპინძელთა უკანახაზელებმა მჭედლიძემ და შარიქაძემ შეუცვლელად ითამაშეს, სხვა ქართველი ლეგიონერები კი, განაცხადში არ იყვნენ. “ბურგ-ან-ბრესი” მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და ოთხი ლელოც გაიტანა, მაგრამ თავად სამი გაუშვა და პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა. მას 36 ქულა აქვს, მე-14-ე პოზიციაზეა და დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს “კარკასონს”, ხოლო “ოში” 29 ქულით ბოლო საფეხურზე რჩება.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” “მონ-დე-მარსანი” 25:20 დაამარცხა და 52 ქულით მე-11-ე ადგილზე დაწინაურდა. ქართველმაპირველხაზელმა შეცვლაზე 56-ე წუთიდან ითამაშა. სამიოდე წუთში მასპინძლები 25:8 დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნით 20 წუთში ორი ლელო გაუშვეს და მეტოქეს პრემიალური ქულის აღების საშუალება მისცეს. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 5-6 აპრილს გაიმართება.

თეგებიPro D2
0.123174