კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი ფიფას ოფიციალურ საიტს მოახლოებულ “ელ კლასიკოზე”, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსა და “ოქროს ბურთზე” ესაუბრა.
- მალე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება. რას ნიშნავს ეს ტურნირი თქვენთვის?
- მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება უაღრესად მნიშვნელოვანია. უკანასკნელი საკლუბო მუნდიალიდან კარგი მოგონებები დაგვრჩა. იმედია, წელსაც გავიმარჯვებთ.
- ზოგიერთმა თქვენმა თანაგუნდელმა განაცხადა, რომ “ბარსელონა” ვალდებულია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგოს. ეთანხმებით მათ?
- ჩვენ ყოველთვის გამარჯვება გვმართებს. ამ ტურნირს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ. აქ ფინალში ყოველთვის ფავორიტები ვერ გადიან. მაგალითად, 2010 წელს, “ინტერი” ფინალში გავიდა, “ინტერნასიონალი” კი, 1/2-ფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას.
- სანამ იაპონიაში ჩახვალთ, რამდენიმესაათიანი ფრენა მოგიწევთ. ეს ფაქტორი გუნდის თამაშზე ხომ არ აისახება?
- იაპონიასთან შესაჩვევად დრო საკმარისად გვექნება. იქ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავალთ. ისე, ხანგრძლივ გადაფრენებს უკვე მიჩვეული ვარ, რადგან არგენტინაში ჩასვლა არცთუ იშვიათად მიწევს.
- რამდენიმე დღეში “ელ კლასიკო” გაიმართება, შემდეგ კი, საკლუბო მუნდიალია. “ბარსელონა” ფორმის პიკში შეხვდება ამ ორ გამოწვევას?
- ვიცით, რა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ძნელია ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნა, როდესაც ამდენ მატჩს ატარებ. კიდევ ვიმეორებ, ჩვენზე უკეთ არავინ იცნობს ჩვენს შესაძლებლობებს.
- 10 დეკემბრის “ელ კლასიკოს” მოუთმენლად ელით?
- ფანტასტიკური მატჩი იქნება. ჩვენ მინდორზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ, რადგან ეს სეზონის მეორე ნახევრისთვის დიდ სტიმულს მოგვცემს. თუკი “რეალთან” მატჩში საქმე ისე არ წაგვივა, როგორც გვსურს, არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია.
- ბოლო დროს, გვარდიოლა 3-4-3 ტაქტიკური სქემით თამაშობს. მინდორზე თავს კომფორტულად გრძნობთ?
- ახლა მოედნის ცენტრში მეტი ფეხბურთელი გვყავს და ბურთსაც უკეთ ვაკონტროლებთ. ეს სწორედ ისაა, რასაც გვარდიოლა ითხოვს. სანამ ბურთი გვაქვს, მეტოქეს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ მიეცემა და თავის ფეხბურთს ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, მეოთხე ნახევარმცველი შეტევის ხაზსაც ეხმარება და მცველებსაც უმსუბუქებს სამუშაოს.
- უკვე მე-4 სეზონია, გუნდს გვარდიოლა წვრთნის...
- ის “ბარსას” საკვანძო ფიგურაა. მნიშვნელოვანი არამხოლოდ მისი ყოველდღიური ვარჯიშებია, არამედ ისიც, თუ როგორ შეუძლია მას გუნდის მოტივირება. ის მცირე დეტალებსაც კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგალითად, მას სურს, რომ ექიმებთან ერთად ვივახშმოთ, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ყოველთვის თვალყურს უნდა ადევნებდნენ ფეხბურთელებს. ეს და სხვა მცირე დეტალები ერთ ძლიერ გუნდს შეადგენს.
- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ, თქვენმა გუნდმა უბურთოდ მოძრაობა და თავისუფალი ზონების აქტიური ძიება ისწავლა?
- დიახ, ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე “ბარსელონამ” დიდი გზა გაიარა. უკვე იმდენი ხანია ერთად ვთამაშობთ, რომ კარგად ვიცით, სად იქნება ბურთი 2-3 პასის შემდეგ.
- დიდი შანსია, იანვარში “ოქროს ბურთი” ზედიზედ მესამედ ჩაიბაროთ...
- პრესტიჟული ტიტულების მოპოვება ყოველთვის სასიამოვნოა. მიუხედავად ამისა, მთავარი საკლუბო წარმატებაა. სასიამოვნოა, რომ კანდიდატებს შორის, ჩემი თანაგუნდელი წელსაცაა.
- გასული წელი “ბარსელონასთვის” ბრწყინვალე იყო, რასაც არგენტინის ნაკრებზე ვერ ვიტყვით...
- ახლა გაცილებით მშვიდად ვარ. ბოლივიასთან ფრის შემდეგ, კრიტიკის ქარცეცხლი დაგვატყდა და “კოლუმბიის” დამარცხება აუცილებლად გვმართებდა. ახლა დრო ივნისამდე გვაქვს. იმედია, ეკვადორთან მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.
მოამზადა ირაკლი ჯაფარიძემ