ინტერვიუები

10:14 | 22.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: “ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით”

ლიონელ მესიმ “ესტუდიანტესის” კარის აღებით, 2009 წელს ფინალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობა სამამდე აიყვანა. აქამდე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გატანილი ჰქონდა ესპანეთის თასის ფინალში ბილბაოს “ატლეტიკის” და ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერის” წინააღმდეგ. ანგარიშებიდან გამომდინარე, თუ “ბარსელონა” წინა ორ ფინალში მესის გარეშეც მოახერხებდა მოგებას, ამჯერად სიტუაცია სხვაგვარი იყო, რადგან მესის გოლი გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი გამოდგა. მესიმ, რომელმაც 2009 წელს როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე ყველაფერი მოიგო, მატჩის შემდეგ ფიფას ოფიციალურ საიტს მისცა ინტერვიუ.
- როგორ გრძნობთ თავს?
- ძალიან ბედნიერი ვარ. ახლახანს დავასრულეთ ისტორიული სეზონი, რომლის განმავლობაშიც აბსოლუტურად ყველაფერი მოვიგეთ. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გვსურდა. ძნელია ამაღლებული განცდის სიტყვებით გადმოცემა.
- რას ნიშნავს კლუბისთვის ბოლოს და ბოლოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება?
- ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ეს ტიტული “ბარსელონასთვის” მიუღწეველი იყო და ჩვენ მოვახერხეთ მისი მოგება. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ჩემპიონობის მოსაპოვებლად ძალზე დიდი შრომა დაგვჭირდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ ჯილდოს.
- როგორ გრძნობთ თავს “ადიდასის” “ოქროს ბურთის” მოგების შემდეგ?
- რა თქმა უნდა, ასეთი აღიარება მნიშვნელოვანია, მაგრამ მსურს მოპოვებული ჯილდო თანაგუნდელებს გავუზიარო. მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიგებდი.
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა მატჩის ბედის თქვენთვის სასარგებლოდ შემოტრიალება?
- საკუთარი თავის რწმენამ. მიუხედავად იმისა, რომ რაც დროს გადიოდა, ჩვენი მდგომარეობა მით უფრო მძიმდებოდა, ერთი წუთითაც კი არ შეგვიცვლია საკუთარი სათამაშო სტილი. მიმდინარე წელს ასეთმა თამაშმა არაერთხელ მიგვიყვანა წარმატებამდე და საბედნიეროდ ამჯერადაც ასე მოხდა.
- როგორი გამოდგა თამაში?
- ძალზე რთული. ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენება გვიჭირდა, რადგან ვუპირისპირდებოდით გუნდს, რომელიც ძალიან ორგანიზებული იყო. “ესტუდიანტესისთვის” სამწუხაროდ, ძირითადი დროის მიწურულს მაინც მოვახერხეთ გოლის გატანა.
- თვლით, რომ “ბარსა” ღირსეული გამარჯვებულია?
- მართალია, გოლის გატანა საკმაოდ გვიან მოვახერხეთ, მაგრამ ვთვლი, რომ საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ,  მეტოქის კართან არაერთი საიფათო მომენტი შევქმენით და უფრო ადრეც შეგვეძლო გატანა. ვიცი, რომ ორი წუთიც და დავმარცხდებოდით, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ დაფიქსირებული შედეგი სამართლიანია.
- როგორი გრძნობაა, როდესაც კიდევ ერთხელ გაგაქვს მნიშვნელოვანი გოლი?
- თუ პედრო არ გაიტანდა, მე ამ გოლის გატანის შანსი არც მომეცემოდა. მოხარული ვარ, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ასეთ ფეხბურთელებთან ერთად გავხდი ჩემპიონი.
- შეგიძლიათ აღგვიწეროთ გოლის გატანის ეპიზოდი?
- ვიცი დანის თამაში და ვხვდებოდი, თუ როგორ ითამაშებდა იგი იმ ეპიზოდში. როდესაც დანი ალვეში იყო ბურთით, გავემართე იმ ადგილისკენ, სადაც იგი ჩვეულებრივ აწვდის ხოლმე. როდესაც ბურთი ჩემსკენ მოდიოდა, ვფიქრობდი თავით მეთამაშა, თუ მკერდით. საბოლოოდ ყველამ ნახეთ რაც გამოვიდა.
- ბოლო შეკითხვა – არის დღევანდელი “ბარსელონა” ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი?
- თუ ტიტულებზე ვისაუბრებთ, აქამდე არავის მიუღწევია იმისთვის, რასაც წელს ჩვენ მვიაღწიეთ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. ბედნიერები ვართ იმით, რომ ისტორია შევქმენით, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მომდევნო წელსაც ყველაფრის მოგება გვსურს.

მიშა ზაქარეიშვილი

 

0.124622