კალათბურთი

16:10 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლილუაშვილმა ნაკრები თვითნებურად დატოვა, რის გამოც სასჯელი ელის

სარაევოში ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მოასპარეზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 1 მოთამაშე გამოაკლდა. უკანახაზელმა ზეზვა ლილუაშვილმა ნაკრები თვითნებურად დატოვა და საქართველოში გამოემგზავრა.

მწვრთნელთა შტაბისთვის და ბოსნიაში მყოფ საქართელოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისთვის, კახა შენგელიასთვის მიზეზი ლილუაშვილის სარაევოდან წამოსვლის წინ გახდა ცნობილი.

კალათბურთელმა ნაკრები სათამაშო დროის ნაკლებობის გამო მიატოვა. დეტალებზე გვესაუბრება 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი, რომელსაც სარაევოში შევეხმიანეთ...

- გუშინ, ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ ზეზვა ლილუაშვილმა გამოგვიცხადა, რომ თბილისის ბილეთი აქვს აღებული და საქართველოში მიემგზავრება. მიზეზად სათამაშო დროის ნაკლებობა დაასახელა.

- ჰოლანდიასთან მატჩში ლილუაშვილს არ უთამაშია...

- ზეზვამ მხოლოდ ბოლო, გუშინდელი მატჩი არ ითამაშა ჰოლანდიასთან. მანამდე მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ის მოედანზე დიდი ხნით არ გაგვყავდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელების გადასაწყვეტია, თუ რამდენს ათამაშებს კალათბურთელს. ჩვენ კარგად ვიცოდით ლილუაშვილის შესაძლებლობები, ის ამხანაგურ მატჩებშიც გამოვცადეთ და ევროპის ჩემპიონატზე შესაბამის სათამაშო დროს ვაძლევდით. ჰოლანდიამდე გამართულ 4 მატჩში მან მთლიანობაში 23 წუთი ითამაშა.

- ის, რომ ლილუაშვილი უკმაყოფილო იყო, მანამდე თუ იცოდით, ან ამის რაიმე სხვა მიზეზი ხომ არ ჰქონდა?

- არანაირი სხვა მიზეზი არ ყოფილა. ის რომ სათამაშო დროით უკმაყოფილო იყო, მხოლოდ გუშინ, მის თბილისში გამომგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ. როცა გუშინ, ამის შესახებ თავად გვითხრა, მე ავუხსენი, თუ რატომ თამაშობდა ის მატჩში საშუალოდ 6 წუთს და არა მეტს. ისიც ვუთხარი, თუკი ამ ფაქტს ასე განიცდიდი, რომ ნაკრების დატოვება გადაწყვიტე, აქამდე რატომ არ გვითხარი ამის შესახებ-თქო. ჯობდა, მანამდე გამოეთქვა თავისი გულისტკივილი და არა ფაქტის წინაშე დავეყენებინეთ. ამის შესახებ რომ შევიტყვეთ, მას თბილისის ბილეთი უკვე აღებული ჰქონდა.

- თქვენთან ლაპარაკის შემდეგ ხომ არ შეუცვლია მას აზრი?

- არა მხოლოდ მე, ზეზვას “დინამოში“ თავისი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელიაც ელაპარაკა. ის შარშან სახელმწიფო გამოცდების გამო არ წამოვიდა 18-წლამდელთა ნაკრებში, წელს კი 1 წლით დიდებში თამაშობს. ანუ მას კიდევ უწევს მომავალ წელს 20-წლამდელებში თამაში და ჩემი აზრით, არ უნდა ჰქონოდა ამხელა ამბიცია.

P. S. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა და დეტალების დადგენის შემდეგ, მოთამაშის სასჯელთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს.

www.gbf.ge

0.131409