სამშაბათის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის თამაშებიც სტუმარი გუნდების უპირატესობით დამთავრდა. “ატლეტიკომ” “მილანს” იტალიაში მოუგო, ხოლო “ბაიერნმა” კაცნაკლულ “არსენალს”, მისსავე მოედანზე, 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
“ემირეითს სთედიუმზე” გამართული მატჩის პირველ ტაიმში, გუნდებმა ჯერ სახიფათო დარტყმები, შემდეგ კი გაცუდებული თერთმეტმეტრიანები გაცვალეს. საწყის წუთებში, შჩეზნიმ კროოსის, ხოლო ნოიერმა სანოგოს დარტყმები მოიგერიეს. “არსენალის” ახალგაზრდა ფრანგ შემტევზე უნდა ითქვას, რომ ამ ერთი ეპიზოდის გარდა, მან რამდენიმე მომენტში გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა და ლონდონელთა სახიფთო შეტევები ამის გამო ჩაიშალა.
მე-8 წუთზე, მეტოქის საჯარიმოში ბურთით აღმოჩენილი მესუთ იოზილი ბოატენგმა საპენალტედ წააქცია. მასპინძელთა გერმანელ ნახევარმცველზე, არბიტრს თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირება მართებდა და მის მიერ თერთმეტმეტრიანის გაფუჭება შეგვიძლია სამართლიანობის აღდგენად მივიჩნიოთ. იოზილმა პენალტი ცუდად შეასრულა – მას ცენტრში დარტყმა უნდოდა, მაგრამ მარცხნივ გადამხტარმა ნოიერმა რეაგირება და ბურთის მოგერიება მოახერხა.
37-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა. “არსენალის” პოლონელმა მეკარემ არიენ რობენი წააქცია. პენალტი აშკარა იყო, აი შჩეზნის დანდობა კი რიცოლის იმის გამო შეეძლო, რომ მეკარის მოტყუების შემდეგ, რობენს დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა გაუჭირდებოდა.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ეს “არსენალის” ფეხბურთელის რიგით მე-14 გაძევება იყო. ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ “იუვენტუსს” (20), “ინტერსა” (17) და “გალათასარაის” (14) აქვთ.
“არსენალისთვის” ეს მომენტი ცუდად მხოლოდ იმის გამო დამთავრდა, რომ ვენგერის გუნდი მოედანზე 10 კაცით დარჩა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი ალაბამ ძელს მოარტყა.
მე-2 ტაიმში, “ბაიერნმა” რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და მიუნხენელები თამაშის სრული ბატონ-პატრონები გახდნენ.
გვარდიოლამ თამაში შეცვლებით მოიგო. მე-2 ნახევრის დასაწყისში, მან ბოატენგი რაფინიათი ჩაანაცვლა, რის შემდეგაც ფილიპ ლამს წინ წასვლის საშუალება მიეცა. გარდა ამისა, ესპანელმა სპეციალისტმა მოედანზე ტომას მიულერი შეუშვა. ლამმა აქტივში 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, ხოლო მიულერმა ერთი გოლი გაიტანა.
მიმდინარეობდა შეხვედრის 54-ე წუთი, როდესაც ლამის გადაცემის შემდეგ, საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით, ტონი კროოსმა ანგარიში გახსნა და “ბაიერნს” დიდი უპირატესობა მოუტანა. მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ, “არსენალი” გახდა რიგით მე-10 გუნდი, რომლისთვისაც “ბაიერნს”, ჩემპიონთა ლიგაზე, 10 ან მეტი გოლი აქვს გატანილი.
ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი, შეიძლება ითქვას, გადაწყდა 88-ე წუთზე, როდესაც ლამის გადაცემის შემდეგ, მიულერმა თავით ზუსტად დაარტყა და ერთი წლის წინანდელი შეხვედრის მსგავსად, “ბაიერნმა” “ემირეითსზე” ამჯერადაც ორბურთიანი სხვაობით მოიგო.
“მილანისა” და “ატლეტიკოს” საამსეზონო ფორმის გათვალისწინებით, “ჯუზეპე მეაცაზე” გამართული თამაშის ფავორიტად მადრიდული გუნდი ითვლებოდა. მასპინძელთა კარგი სტარტის მიუხედავად, ტაბლოზე მაინც სტუმართა უპირატესობა დაფიქსირდა.
პირველ ტაიმში 3 სახიფათო მომენტი შეიქმნა და სამივე “ატლეტიკოს” კართან. კაკასა და პოლის დარტყმების შემდეგ, კურტუას კარი ძელმა იხსნა. ამის შემდეგ, კაკამ ბედი კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ მისი დარტყმული მიზანს ძალიან მცირე მანძილით ასცდა.
მე-2 ნახევარში, მადრიდელთა საუკეთსო ბომბარდირს, დიეგო კოსტას 2 მომენტი ჰქონდა. გაესპანელებულ ბრაზილიელს “მაკრატელა” დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ 83-ე წუთზე, ახლო მანძილიდან მის თავით დარტყმულს აბიატიმ ვერაფერი მოუხერხა.
შეხვედრის ბოლო სახიფათო მომენტი “მილანს” ჰქონდა, მაგრამ ადილ რამის შორეული გასროლის შემდეგ ბურთმა ძელს ახლოს ჩაუარა.
არსენალი-ბაიერნი 0:2 (0:0)
ლონდონი, “ემირეითსი” 59911
არსენალი (4-1-4-1): შჩეზნი, სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი (მონრეალი 31), ფლამინი, ჩემბერლენი (როსიცკი 74), იოზილი, უილშირი, კასორლა (ფაბიანსკი 39), სანოგო.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
ბარსელონა (4-1-4-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი (რაფინია 46), დანტე, ალაბა, მარტინესი, რობენი, ტიაგო (პისარო 79), კროოსი, გიოტცე, მანჯუკიჩი (მიულერი 64).
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.
გოლები: 0:1 კროოსი (54), 0:2 მიულერი (88).
გაფუჭებული თერთმეტმეტრიანები: იოზილი 9 – ალაბა 40.
გაფრთხილებები: სანოგო 55, როსიცკი 86 – ბოატენგი 8, მანჯუკიჩი 45+2.
გაძევება: შჩეზნი 37.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).
ბურთის ფლობა: 27%-73%, დარტყმა: 6 (5)-26 (18), კუთხური: 2-9, თამაშგარე: 3-3, სეივი: 16-5, ჯარიმა: 8-16.
მილანი-ატლეტიკო 0:1 (0:0)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 65890
მილანი (4-2-3-1): აბიატი, დე შილიო (აბატე 26), ბონერა, რამი, ემანუელსონი, ესიენი, დე იონგი, პოლი (კონსტანტი 85), კაკა, ტაარაბტი, ბალოტელი (პაცინი 78).
მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ინსუა, თურანი (როდრიგესი 74), სუარესი, გაბი, კოკე, კოსტა, გარსია (ადრიანი 80).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლი: 0:1 კოსტა (83).
გაფრთხილებები: აბატე 44, ბონერა 61, რამი 90+1 – ინსუა 20, სუარესი 41, კოსტა 69, ადრიანი 90+3.
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 13 (5)-10 (7), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 0-3, სეივი: 6-5, ჯარიმა: 15-20.