1981 წლის 13 მაისი. დიუსელდორფის “რაინშტადიონი”. თასების თასის ფინალი. თბილისის “დინამო”-იენას “კარლ ცაისი”. გერმანელთა მიერ კლასით უფრო მაღალი ქართველებისთვის გაწეული მედგარი წინააღმდეგობის გამო მატჩი დამატებითი დროისკენ იხრებოდა. ასპარეზობის 87-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა დათო ყიფიანმა ჩვეულებისამებრ შეტევის საუკეთესო გაგრძელება აირჩია და ბურთი ვიტალი დარასელიას მიაწოდა. რამდენჯერაც არ უნდა ვიხილოთ ამ ეპიზოდისა და შემდეგ განვითარებული ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის ჩანაწერი, სიხარულისგან ყოველთვის სასიამოვნო ჟრუანტელი დაგვივლის. ვიტალიმ გერმანელი მცველები მოხდენილი საფეხბურთო ილეთებით გააბრუა, ეფექტური დარტყმით ბურთის მოგერიების შანსი არც “კარლ ცაისის” გოლკიპერ ჰანს ულრიხ გრაპენტინს დაუტოვა და ბედნიერ თანაგუნდელთა გარემოცვაში მოჰყვა...
ეს ეპიზოდი და მთლიანად იმდროინდელი “დინამოს” მიერ ჩატარებული ათეულობით მატჩი გულშემატკივართა მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება. გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში მეთოდურად მიდიოდა წინ, მწვერვალებისკენ, გზა და გზა არაერთი სიმაღლეც დაულაშქრავს, 81-ის 13 მაისი კი დაგვირგვინება, გნებავთ შეჯამება გახლდათ – “დინამომ” მისთვის ყველაზე მაღალ მწვერვალზე შედგა ფეხი, რითაც ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა.
ტოტალიზატორმა “ლიდერ-ბეთმა” საღამოების სერია “ლიდერები” ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გახსნა, სეზონი კი 13 მაისის გმირის, თბილისის “დინამოს” დიდი გამარჯვების აღსანიშნავი შეხვედრით დახურა.
საღამო ბიძინა ბარათაშვილმა გახსნა, სიტყვა ჯამლეთ ხუხაშვილს გადასცა, რომელმაც თავის მხრივ მიკროფონთან დინამოელთა იმდროინდელი კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე იხმო. ბატონმა საშამ ჯერ იმ ადამიანთა ხსოვნას მიაგო პატივი, რომელთაც მოთამაშისა თუ მწვრთნელის რანგში დიდი როლი შეასრულეს დიუსელდორფულ ტრიუმფში. ნოდარ ახალკაცის, კახი ასათიანის, ვიტალი დარასელიას, დავით ყიფიანის, რამაზ შენგელიას, ამირან ანდღულაძის, ზაქრო თელიას პატივის მიგების შემდეგ, კაპიტანმა დამსწრე საზოგადოების წინაშე პარტნიორები “წარადგინა”. შეკრებილებმა ოვაციით დააჯილდოვეს სერგო კუტივაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, ნუკრი კაკილაშვილი, ვახტანგ ქორიძე, ფირუზ კანთელაძე, ლევან ნოდია, ბესარიონ მჭედლიშვილი, თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, ვაჟა ჟვანია, გიორგი ჭილაია, ზორბეგ ებრალიძე, გელა კეტაშვილი, გიორგი თავაძე. შეხვედრას ესწრებოდა ვიტალი დარასელიას მეუღლე, ქალბატონი მარინა მამალაძე.
ქართული ფეხბურთის სტაჟიანმა გულშემატკივრებმა, ჟურნალისტებმა, თავად ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 33 წლის წინანდელი ტრიუმფი, იმ დღის შემოქმედთ ჯანმრთელობა და წარმატება, ქართულ ფეხბურთს კი სამომავლო წინსვლა უსურვეს.
“ლიდერ-ბეთის” მეტად კარგი პროექტი კი სექტემბრიდან განახლდება.