ჭიდაობა

19:47 | 12.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლიცენზია ნაღდია, ოქრო – ერთ ნაბიჯში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ) სტამბოლში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი შეხვედრა მოიგო და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია უკვე გაინაღდა. მსოფლიოს ჩემპიონობას კი ერთადერთი გამარჯვება აშორებს. საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ტურნირი ალჟირელი მოჰამედ სერირის ძლევით გახსნა, შემდეგ შვეიცარიელი პასკალ შტრებელი, უნგრელი ტამაშ ლორინცი და კუბელი პედრო ისააკ მულენს ჰერერაც ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი ამერიკელ ჯასტინ დაშაუნ ლესტერს აჯობა.
ფინალში ცხადაია ირანელ საეიდ მორად აბდვალის დაუპირისპირდება.
დღესვე მედლები 55 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდება. ამ წონებში საქართველოს ნაკრების წევრებმა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ფინალის საგზური ვერც მათმა მძლეველებმა მოიპოვეს, რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტათ.
ლაშა გოგიტაძემ (55 კგ) პირველსავე წრეში წააგო, უკრაინელ ვუგარ რაგიმოვთან. ირაკლი ქაჯაია (96 კგ) ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო, მაგრამ თავისზე ბევრად გამოცდილ მეტოქესთან, ეგვიპტელ მუჰამედ იბრაჰიმ აბდელფათაჰთან დამარცხდა. საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა პირველი სეტი მოიგო და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ოთარ მაღლაკელიძე

0.105293