გულშემატკივრის სვეტი

10:50 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიბერტადორესის ხიბლი

ლიბერტადორესის თასი ის ტურნირია, რომელმაც შეუძლებელია ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივარი არ დააინტრიგოს. ევროპულ ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანები ლათინოამერიკულ საკლუბო ფეხბურთს შესაძლებელია ალმაცერად უყურებდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც ლათინოსების საკლუბო ბურთაობას ჩაუღრმავდება, დიდი სიამოვნება ელის და იმდენ ჩახლართულ ინტრიგას გადააწყდება, ბევრ დეტექტიურ რომანშიც კი რომ ვერ შეხვდებით...

კოპა ლიბერტადორესზე აგერ უკვე მეოთხედფინალური ეტაპი მიილია და გამოკვეთილი ფავორიტი გუნდი არა და არ ჩანს. სახელებით იცოცხლე, ბევრი ამ ტურნირში ცნობილი კლუბი მონაწილეობს, მაგრამ თქვენ იქ სადაც კოლუმბიური უსახელო კლუბი  - “სანტა ფე” (არგენტინულ ამავე სახელწოდების გუნდში არ აგერიოთ) სასწაულებს ახდენს, თავდაჯერებით ვერავინ იტყვის, რომ მაინცა და მაინც ცნობილი და პოპულარული არგენტინული, ან ბრაზილიური გუნდები იპირველებენ.

“სანტა ფე” თურმე ყველაზე დიდი პოპულარობით კოლუმბიელ სტუდენტებში სარგებლობს და ამ კლუბის თამაშის დროს, ტრიბუნები ძირითადად სწორედ სტუდენტებით ივსება. 23 წლის პაბლო კოენერა ამ კლუბის ფანთა ლიდერია, რომელიც ბოგოტას უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობს და ოცნებობს იმ დროზე, როდესაც ბევრი ფული ექნება და კლუბ “სანტა ფეს” იყიდის.

ბოლო დროს ძალიან წარმატებული და ამ დილით კოპა ლიბერტადორესიდან მრისხანე “ბოკა ხუნიორის” გამომგდები არგენტინული საფეხბურთო კლუბის, “ნიუელს ოლდ ბოისის” ქომაგებიც ახალგაზრდები არიან, მაგრამ ამ კლუბს არა სტუდენტები, არამედ ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭები უფრო გულშემატკივრობენ. რამდენიმე თვის წინ, ვწერდი კიდეც “ოლდ ბოისის” ქომაგებზე, რომლებმაც მეტოქე კლუბის გულშემატკივრები ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს. ამ ფაქტის შემდეგ, არგენტინელი სამართალდამცველები ნიუელსის კლუბის ქომაგებით განსაკუთრებულად ინტერესდებიან.

ახლა გეტყვით რას ჰყვება “ოლდ ბიოსის” ქომაგი, ვინმე ტობიასი: “პოლიციამ დილიდანვე დაიწყო ჩვენს უბანში სახლების გაჩხრეკა. “ოლდ ბოისის” ყველა ქომაგი ამათ კრიმინალი ჰგონიათ. ვიცი, ჩვენები ხან ველურებივით რომ იქცევიან, მაგრამ პოლიციის გამუდმებული ზედამხედველობა უკვე ყველას გვაბრაზებს. როგორ გგონიათ, ადვილია ცხოვრება მაშინ, როდესაც ყველა ეჭვით გიყურებს?! ჩვენს კლუბს მოწინააღმდეგეები თამაშში ვერაფერს აკლებენ. მათი ერთადერთი მეთოდი “ოლდების” ქომაგების დისკრედიტაციაა.”

ლათინური ამერიკის მთელს, რიგ ქვეყნებში, მაგალითად: ვენესუელაში, ბრაზილიაში და მექსიკაში - ბოლო წლების მანძილზე უამრავი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს და ამ ქვეყნების ეკონომიკის მომავლის ნათელი ფერები ძირითადად სწორედ ნავთობს უკავშირდება. ალბათ ამასთანვეა მიბმული ისიც, რომ ჩვენს მიერ დასახელებულ ქვეყნებში ბოლო დროს საკლუბო ფეხბურთი წელში გაიმართა და სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში ბლომად ფულიც ჩაიდო. თუმცა, ლიბერტადორესის თასის მთელი ხიბლი და სილამაზე ოდენ ნავთობის მრავლისშემძლეობაზე ნამდვილად არ დგას. ამ კონტინენტის საკლუბო ფეხბურთს ყოველთვის ჰქონდა თავისი განსაკუთრსბული ეშხი და სული. სწორედ ესაა, რაც მათ ევროპელებსიაგან გამოარჩევს. ცხოვრების სილამაზე რა თქმა უნდა მრავალფეროვნებაშია!

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.167549
სარეკლამო ადგილი - 99
X x X