სხვა

15:47 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა სპორტულ ფედერაციებს კვლევის შედეგები გააცნო

28 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მინისტრმა ფედერაციების წაარმომადგენლებს სამინისტროს დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევა საქართველოს სოციალური და მარკეტინგული კვლევის ცენტრმა ჩაატარა.

 

მეთოდოლოგია

საქართველოს სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში სპორტის სფეროში არსებული პრობლემებისა და განვითარების მიმართულებების შესწავლა. მოსახლეობის ინტერესების, მოთხოვნილებების, მოტივაციის, ჩვევების, საქმიანობის და თავისუფალი დროის განაწილების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

 

გამოკითხვის პროცედურა და ჩატარების ვადები

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2013 წლის 27 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით. კვლევა ჩატარდა საქართველოს ათ რეგიონში, როგორც სოფლად ასევე ქალაქად, გარდა კონფლიქტური ზონებისა. გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი მრავალსაფეხურიანი რეპრეზენტატული შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. შერჩევის სიდიდე განისაზღვრა მონაცემთა 95%-იანი სანდოობით სტატისტიკური ცდომილების 2.5% ფარგლებში.

 

შედეგები

კითხვაზე რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სპორტის განვითარებისათვის პირველ რიგში? მოსახლეობის უმრავლესობა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უპირატესობას (71%) სპორტული კლუბების შექმნას ანიჭებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი (70%-ზე მეტი) საერთოდ არ არის დაკავებული ფიზიკური აქტივობით, გამოიკვეთა ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორებიც. რესპონდენტთა უმრავლესობა სპორტში და სპორტულ აქტივობებში ჩაბმის ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად ინტერესის არქონას და დროის სიმცირეს ასახელებს.

კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს საქართველოში სპორტის განვითარებას? რესპონდენტთა დიდი ნაწილი (77.6%) აღნიშნავს, რომ სპორტის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არასაკმარისი დაფინანსებაა. ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება სპორტული სკოლებისა და სექციების არასაკმარისი რაოდენობა – 55%. გამოკითხულთა 83% სპორტის უპირატეს მიმართულებად მასობრივ სპორტს ასახელებს. ამ შემთხვევაში სრულად ემთხვევა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აზრი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გაცხადებულ პრიორიტეტს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი (87.1%) სპორტის გამაჯანსაღებელ ფუნქციას ანიჭებს უპირატესობას. ქვეყანაში სპორტის სახეობებიდან ყველაზე განვითარებულად რაგბი ითვლება, რასაც გამოკითხულთა 67.4% აღნიშნავს. ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად ფეხბურთი რჩება – 64.6%.

კითხვაზე თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრის, სპორტის რომელ სახეობაში ისურვებდით ჩაბმას? ყველაზე მეტი პროცენტი (23.2%) ფეხბურთმა მიიღო. კვლევაში აღინიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მქონე და სოციალურად დაუცველ ბავშვთა სპორტში ჩაბმა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (96.9%, 98.3%) აღნიშნავს.

 

კვლევის შედეგები მედიასთან მიმართებაში

რესპონდენტთა უდიდესი ნაწილი (91%) აღნიშნავს, რომ სპორტულ მოვლენებზე ინფორმაციის მიღების ყველაზე კარგი საშუალება ტელევიზიაა. მოსახლეობის უმრავლესობა (57.5%) თავისუფალ დროს ტელევიზორთან ატარებს და გამოკითხულთა თითქმის მესამედი (31.9%) ყოველდღე ადევნებს თვალს სპორტულ სიახლეებს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.124103