საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი ნაჩვენების შედეგების გათვალისწინებით წელიწადში 400000 ლარზე მეტი არ უნდა იყოს. ამის შესახებ ყიფიანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დომენტი სიჭინავასადმი გაგზავნილ წერილში იუწყება. აქვე გეტყვით, რომ თემურ ქეცბაიას ამჟამინდელი ხელფასი თვეში 220975 ლარს შეადგენს და მას ფედერაციასთან კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდე აკავშირებს.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტს ბატონ დომენტი სიჭინავას
ბატონო დომენტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განიხილა მიმდინარე წლის 17იანვრის #03/15 წერილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელთან გაფორმებული ხელშეკრულებით 2014 წლის იანვრის თვეში კუთვნილი თანხის (220975 ლარი) მოთხოვნის თაობაზე. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ჩვენს შორის შემდგარი არაერთი შეხვედრის დროს გაჟღერებული იქნა სახელმწიფოს პოზიცია, მიმდინარე ეტაპზე ეროვნული ნაკრებისთვის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის მიუღებლობის შესახებ, ასევე არაერთხელ დაისვა საკითხი იმის თაობაზე, რომ სფფ-მ შეასრულოს მთავარ მწვრთელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობა, შესაბამისმა ორგანომ შეაფასოს მთავარი მწვრთნელის საქმიანობა და მიღებული იქნას ობიექტური გადაწყვეტილება. ჩვენთვის და საზოგადოებისთვის უცნობია, თუ როგორ აფასებს სფფ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმიანობას. კიდევ ერთხელ, ამჯერად წერილობით ვაფიქსირებთ სახელმწიფოს ხედვას იმის, რომ არსებული შედეგების გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასის ანაზღაურება არ უნდა იყოს წელიწადში 400000 ლარზე მეტი.
მიგვაჩნია რომ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზანშეწონილია დაფინანსდეს U-15 და ზედა ასაკობრივი ნაკრებები, ასევე გაურკვეველი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით/პრიორიტეტით არის შერჩეული როგორც მწვრთნელთა (სხვადასხვა შემთხვევებში 3, 4 ან 5 მწვრთნელი) რაოდენობები ასაკობრივი ნაკრებების თვალსაზრისით, ასევე მათი სახელფასო განაკვეთი. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი დავასკვნათ, რომ ადგილი აქვს სუბიექტურ და უსისტემო მიდგომას საკითხისადმი. ეს კი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მით უფრო როდესაც საკითხი საბიუჯეტო თანხების ხარჯვას ეხება. გვინდა შეგახსენოთ, რომ ფეხბურთში, ისევე როგორც სპორტის ნებისმიერ სახეობაში მწვრთნელების წარმატება მათ სპორტულ შედეგზეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე სამინისტროს მიერ შემუშავებული და მიღებული იქნა „სპორტსმენთა და მწვრთნელთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა“, რომელიც შედეგზე ორიენტირებული, წარმატებული მწვრთნელებისა და სპორტსმენების დამატებით ფინანსურ წახალისებას გულისხმობს. შესაბამისად, არცერთი წარმატებული ნაბიჯი, თუ მიღწევა სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიღმა არ რჩება და მეტი მოტივაციის საფუძველია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თქვენეულ გაწერაში არაფერია ნათქვამი სფფ-ის პოლიტიკის შესახებ რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისითაც, იმ დროს როდესაც სტატისტიკურად ფეხბურთელთა შევსება ძირითად შემთხვევებში რეგიონებიდან მოდიოდა და სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ მიმართულებით უნდა იყოს აქცენტირებული. სფფ-ს მიერ ამ კუთხით დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები პრიორიტეტებში არ გათვალისწინებული. მიზანშეწონილია, სახელმწიფოს სახსრებიდან გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილი და განხორციელებული იქნას რეგიონებში, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას რეგიონებში და გააიოლებს სელექციას, ხოლო მეორეს მხრივ რეგიონული ფედერაციები მიიღებენ გარკვეულ ფინანსურ რესურსს, გააუმჯობესებენ მენეჯმენტს და შეძლებენ დაიბრუნონ ესოდენ მნიშვნელოვანი ფუნქცია.
რაც შეეხება უმაღლსი ლიგის კლუბების პრობლემას, სამწუხაროდ ვერც აქ დავინახეთ თქვენი მიზანმიმართული ნაბიჯები პრობლემის მოგვარების მიზნით, გარდა განცხადებებისა, სადაც ხელს სახელმწიფოსკენ იშვერთ. მიგვაჩნია, რომ არსებული დაფინანსების პირობებშიც შესაძლებელია უმაღლესილიგის კლუბების დახმარება (თითოეული კლუბი - 200000X12=2400000 ლარი), თუ თანხები რაციონალურად იქნება გადანაწილებული. არავის აქვს ილუზია იმისა, რომ ეს თანხა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ქმედითი ნაბიჯი გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან და კარგი ადმინისტრირების პირობებში დღის წესრიგზე დააყენებს ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის დამტკიცებას, რომლის წარმოდგენაც არაერთხელ გთხოვეთ და დღემდე ამაოდ ველოდებით.
გთხოვთ, გულდასმით მოეკიდოთ წერილში აღნიშნულ საკითხებს, საბიუჯეტო სახსრები გადაანაწილოთ რაციონალურად და გაატაროთ მწყობრი პოლიტიკა ფეხბურთის განვითარებისთვის.
მინისტრი ლევან ყიფიანი”.