კალათბურთი

7:56 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს – მიხეილ ახვლედიანს, ვლადიმერ ბოისას, მიხეილ გაბრიჩიძეს და კახა შენგელიას სამინისტროში შეხვდა.

სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ქართულ საკალათბურთო სამყაროში არსებული ნერვიული და დაძაბული ფონის განმუხტვას ემსახურებოდა, საუბარი იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 11 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

ითქვა რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, სამართლიანობის პრინციპების მაქსიმალური დაცვით, ხოლო პასუხისმგებლობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე ყველა მხარემ უნდა გაითავისოს.

პრეზიდენტობის ოთხივე კანდიდატთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან ყიფიანმა ქართულ კალათბურთში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე ვეტერან კალათბურთელებთან და მწვრთნელებთან ისაუბრა.

11 დეკემბერს დაგეგმილ კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაში მონაწილეობას ხმის უფლების მქონე 40 დელეგატი მიიღებს და კალათბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ყრილობა 11 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.115956