6 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში ევროპის ხელბურთის ფედერაციის ექსპერტს ნორვეგიელ ბენტ დალის შეხვდა. შეხვედრას ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი იმედო ფხაკაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე დაესწრნენ.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ევროპის ხელბურთის ფედერაციის განვითარების პროგრამის Foster-ის ფარგლებში, ნორვეგიის ხელბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც ევროპისა და ნორვეგიის ხელბურთის ფედერაციების მხრიდან საქართველოში ხელბურთის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ამ პროგრამის ფარგლებში ევროპის ხელბურთის ფედერაციის დავალებით, თბილისს ნორვეგიელი ხელბურთის ექსპერტი ბენტ დალი სტუმრობს, რომელიც თბილისი 2015-ის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, 16-წლამდელ ვაჟ ხელბურთელთა ნაკრების საწვრთნელ შეკრებაშია ჩართული და ახალგაზრდა ხელბურთელებს ტექნიკურ და ტაქტიკურ მზადების კურსს უტარებს.
ამავდროულად, ბენტ დალი ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელებისთვის სემინარს გამართავს და პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას გაუზიარებს. 1-7 აგვისტოს ჩათვლით 16-წლამდელთა ნაკრები დუშეთის სპორტკომპლექსში სასწავლო საწვრთნელ შეკრებას გადის, რომლის დასრულების შემდეგ უნგრეთში საერთაშორისო ტურნირ Cell-Cup-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური