ჭიდაობა

23:04 | 31.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი: “ჭიდაობის ფედერაციის გეგმას, მხარდაჭერას ვუცხადებთ”

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა სპორტის სამინისტროში, დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. პირველებმა სხდომის დარბაზი თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელებმა, ზაზა თურმანიძემ, ნუგზარ სხირელმა და თამაზ ბენდიანიშვილმა დატოვეს. მათ, შემდგარ მოლაპარაკებას აბსურდის თეატრი უწოდეს და აღნიშნეს, რომ მათი მოსაზრება არ იქნა გათვალისწინებული. აბსოლუტურად განსხვავებული კომენტარი გააკეთა ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მართალია, სანაკრებო დონეზე განხორციელებული ცვლილებები ხელშეუხებელია, მაგრამ ყოფილ მთავარ მწვრთნელებს, ფედერაციის გეგმის ახალ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს, რომლითაც ჭიდაობაში საკლუბო სისტემა ამოქმედდება.
ბოლოს ჟურნალისტებს სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა მიმართა:

“სპორტი ცოცხალი მექანიზმია, ხდება გაუთვალისწინებელი მომენტებიც, რაც სამინისტრომ უნდა დაარეგულიროს და არამცდაარამც, ჩაერიოს. დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა ყაზარაშვილი, მე მას აუცილებლად შევხვდები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემა უჩემოდაც მოგვარდება. ჭიდაობის ფედერაციას გააჩნია გეგმა და როგორც ვხედავ, გუნდში იდეალური მდგომარეობაა და ლუკა კურტანიძის მიერ დასახულ გეგმას, სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს.“  
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ ნაკრებს წლის ბოლომდე რევაზ მინდორაშვილი უხელმძღვანელებს, ახალგაზრდებს გიორგი გოგშელიძე, ხოლო ჭაბუკებს შაკო ბედინიდისი.


ოთარ მაღლაკელიძე

0.120852