ინტერვიუები

14:25 | 4.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “ზენიტის” რამდენიმე ფეხბურთელისთვის არასასურველი ვიყავი”

ლევან ყენია თბილისშია. სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” მისი ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა და ლევანი ისევ თავისუფალი აგენტია. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 21 წლის ქართველი ნახევარმცველი.
“მსოფლიო სპორტი” ყენიას დიდუბეში, “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე შეხვდა. ლევანმა ჯერ რამდენიმე წრე ირბინა, შემდეგ მსუბუქად ივარჯიშა. ინდივიდუალურად ემზადება – სანამ ახალი კლუბი არ გამოჩნდება, სხვა რა გზაა. ყენია გამოძახებულია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 15 აგვისტოს ხორვატიასთან თბილისში გამართავს ევროშესარჩევის მატჩს.
და რა მოხდა “ზენიტში”? ამაზე ბევრი დაიწერა, ახლა კი ყენიასთან ინტერვიუდან შეიტყობთ:
-    ჯამში ერთი თვე ვიყავი “ზენიტში”. ჯერ პორტუგალიურ შეკრებაზე, შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში. ორი ამხანაგური მატჩი ჩავატარე, კარგად მოვემზადე. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ იქ ვერ დავრჩი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. რაც მთავარია, ჯანმრთელად ვარ და ის თამაშებიც კარგად ჩავატარე. ამან თავდაჯერება კიდევ უფრო შემმატა.
-    კონკრეტულად, რა მოხდა? მიზეზი მხოლოდ სპალეტია? მას არ მოეწონეთ?
-    “ზენიტში” კლუბის პრეზიდენტმა მიმიყვანა. მას 3 წლის წინაც სურდა ჩემი შეძენა, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში გამიმიზეზდა ტრავმა. ამჯერად კი ჯანმრთელად ვიყავი და წავედი “ზენიტში”. დრო გაიწელა, წინასწარი კონტრაქტის იქით კი საქმე არ მიდიოდა. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ პრეზიდენტი და სპალეტი ჩემს საკითხზე არ ყოფილან შეთანხმებულნი. ბოლოს ასე გაირკვა, რომ სპალეტის არ ვუნდოდი.
-    რა გითხრათ სპალეტიმ ბოლო შეხვედრისას?
-    როდესაც გაირკვა, რომ სრულფასოვან კონტრაქტს არ მიფორმებდნენ და ყოყმანობდნენ, ვარჯიშიც ვიუარე. მკითხა, რატომ არ ვარჯიშობო და მიზეზიც ვუთხარი - ჯერ საბოლოოდ გაირკვას ჩემი საკითხი-მეთქი. მიპასუხა, ჩემი ფეხბურთელები უნდა მოვიყვანო და კარგად იყავიო.
-    ნაწყენი დარჩით სპალეტიზე?
-    არა, რატომ. თავად გააკეთა არჩევანი.

აქვე, ერთი ნიუანსი: ლევანმა “ზენიტში” პირველი ამხანაგური მატჩი რომ ჩაატარა (მეორედივიზიონელ “რუსთან” 6:0), რუსულმა პრესამ ქების სიტყვები უძღვნა – მართლაც კარგად გამოიყურებოდა. სწორედ ამ მატჩიდან ორიოდე დღეში გამოვიდა ხმები, ყენიას გუნდის წამყვან ფეხბურთელებთან ურთიერთობა ვერ აეწყოო. “ზენიტის” ფორუმში დაიწერა, რომ ლევანი და გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი შელაპარაკდნენ, რუსს კი სხვებმაც მხარი დაუჭირესო.
მეტიც, გაჩნდა ინფორმაცია, რომ “ზენიტის” ფეხბურთელთა ჯგუფს წერილი შეუტანია კლუბის დირექტორატში, რომ ყენიას გუნდში ყოფნა არ სურდათ. ასეა, კონკურენტი არავის სიამოვნებს, მით უმეტეს, როცა ეს კონკურენტი პირველივე თამაშს კარგად ატარებს.
აი, რა თქვა ამის შესახებ ყენიამ:
-    მართალია ეს ყველაფერი. საქმე ხელით შეხებამდე არ მისულა, მაგრამ სიტყვიერი შელაპარაკებები იყო. “ზენიტის” რამდენიმე ფეხბურთელისთვის არასასურველი ვიყავი. ხუთმა ფეხბურთელმა შეიტანა წერილი, რომ ჩემთან ერთად თამაში არ სურდათ.
-    ახლა რას აპირებთ?
-    ჯერჯერობით, ინდივიდუალურად ვემზადები. თუ თბილისის “დინამო” ერთი კვირით მაინც, 15 აგვისტოს ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩამდე ვარჯიშის საშუალებას მომცემს, კარგი იქნება.
-    მომავალი კლუბის შესახებ არაფერია კონკრეტული?
-    ჯერჯერობით, არა. ვემზადები, სრულიად ჯანმრთელად ვარ და ნაკრების თამაშისთვის მოვემზადები.
-    “ჰერტას” ვარიანტი?
-    “ჰერტა” ახლა უკვე დაკომპლექტებულია.
-    სანამ “ზენიტში” წახვიდოდით, “ჰერტა” გამზადებულ კონტრაქტს გთავაზობდათ?
-    დიახ. თუმცა, მაშინ ვიუარე მეორე ბუნდესლიგა, “ზენიტის” ვარიანტი გაცილებით მიმზიდველი ჩანდა.
-    თემურ ქეცბაიასთან არ გისაუბრიათ თურქეთთან მატჩის შემდეგ?
-    არა, ამ მხრივ არაფერია ახალი. ახალგაზრდულ ნაკრებში ვარ გამოძახებული და ვემზადები.


ილია ნანობაშვილი

 

0.116829