უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურში, ჩემპიონატის აუტსაიდერ ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ, ლვოვის “კარპატის” შემტევმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ განაცხადა, რომ ზედიზედ მეორე მატჩში მეტოქეს ქულები აჩუქეს.
ლევან ყენია: “ეს მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ. სწრაფად ვთამაშობდით, მეტოქეს პრესინგი დავუწესეთ, გოლი გავიტანეთ. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს დასანანი შეცდომა დავუშვით და ბურთი გავუშვით. ამის გამო, ორი ქულა დავკარგეთ, რაც ძალიან სამწუხაროა”.
- მეორე ტაიმში “კარპატი” შეტევაში აგრესიულად რატომ არ თამაშობდა?
- ეს გუნდური მოქმედებებია. სადღაც იგრძნობოდა, რომ შესვენების შემდეგ ენერგია არ გვყოფნიდა. ფეხბურთში მსგავსი რამ ზოგჯერ ხდება. თუმცა, მატჩის ბოლოს საკმაოდ გვქონდა საგოლე მომენტები, რომელთა რეალიზების შემთხვევაში გავიმარჯვებდით, რაც არ გამოგვივიდა.
- ხომ არ მოგეჩვენა, რომ გატანილი გოლის შემდეგ, “კარპატი” ოდნავ მოდუნდა?
- მართლაც, მომეჩვენა. მეტოქეს ინიციატივა დავუთმეთ, რაც არასწორია. საწყენია, რომ ზედიზედ მეორე თამაშია, მეტოქეს ქულები ვაჩუქეთ.