ინტერვიუები

19:59 | 15.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია ზაფხულამდე “შალკეში” რჩება: “ფეხბურთი ისეთია, რაღაცას ვერ მოაკლებ”

ლევან ყენიას ამბები ყოველთვის საინტერესოა და “მსოფლიო სპორტი” გერმანიაში რომ დაუკავშირდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ჰკითხა. ორ წელიწადზე მეტია, ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია და სასწაულად ენატრება ემოცია, დრიბლინგები, პასები, გოლები… სიტუაცია არ შეცვლილა - სიმაღლეში გაზრდილი ლევანი (174-ის ნაცვლად, 177 სანტიმეტრია) კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და გუნდთან ერთად წვრთნას, სავარაუდოდ, იანვარში დაიწყებს.
გაჩნდა ინფორმაცია ყენიას თბილისის “დინამოში” შესაძლო ჩამოსვლაზე და საუბარი ამასაც შეეხო. პლუს, ლევანმა კახა კალაძის საქართველოს ნაკრებიდან წასვლაზეც თქვა – გული მწყდება, ჩემი აზრით, კალაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელიაო.
- კვლავ ინდივიდუალურად ემზადებით დიუსელდორფში. დატვირთვები გაიზარდა?
- დიახ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვუმატებ. ბურთთან კონტაქტი, სირბილი, ტრენაჟორები – ამ ყველაფერზე ახლა უფრო ინტენსიურად ვვარჯიშობ, ვიდრე, მაგალითად, ერთი თვის წინ.
- გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებამდე რა პროცუდერები გაქვთ გასავლელი?
- ჯერ კიდევ ვგრძნობ, რომ 100 პროცენტით მზად არ ვარ. ფეხში ძალა, აჩქარება, შემოტრიალება… ამ მხრივ ვგრძნობ, რომ ჯერ მაინც ადრეა. ფეხბურთს რომ თამაშობ, რაღაცას ვერ მოაკლებ. სავარაუდოდ, იანვარში დავიწყებ “შალკესთან” ერთად წვრთნას და თუ პირველ შეკრებაზე ვერ ვიქნები, შეკრების დასრულების შემდეგ შევუერთდები გუნდს.
- მწვრთნელი ჰუბ სტევენსი გესაუბრათ?
- ახლა უკვე გუნდთან ერთად ხშირად ვარ. მათთან ვერ ვვარჯიშობ, თორემ ისე ვხვდებით ერთმანეთს. მესაუბრება, ჩემს შესახებ ყველაფერი იცის და ვნახოთ. მთავარია, ფეხმა გამიშვას და ორ თვეში აღვიდგენ ფორმას. მთავარია, რამე კიდევ არ “გამოვარდეს".    
- თბილისის “დინამოდან” დაინტერესებაზე რას იტყვით? კლუბის ხელმძღვანელობიდან გესაუბრათ ვინმე?
- ხელმძღვანელობიდან პირადად ჩემთან არავის უსაუბრია. “დინამოსგან” ინტერესის შესახებ გავიგე, თუმცა კონკრეტული არაფერია.
- ვიცით, რომ უკრაინის გუნდებზეცაა ლაპარაკი, მაგრამ ეს საზაფხულოდ...
- “შალკესთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს და გახანგრძლივებაზე მათგან არაფერი ისმის. როცა თამაშს დავიწყებ, სერიოზული წინადადებებიც მაშინ გამოჩნდება. მანამდე კი “შალკეში” ვარ.
- ანუ, გადაწყვეტილია, რომ ზაფხულამდე “შალკეში” დარჩებით?
- დიახ. ზაფხულამდე სხვაგან გადასვლა გამორიცხულია.
ბოლოს კი, საუბარი კალაძის თემას შეეხო და ლევანმა ეს გვითხრა: “ძალიან მეწყინა მისი წასვლა. დარწმუნებული ვარ, ნაკრებს კახას არყოფნა დაეტყობა. ის საუკეთესო ფეხბურთელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ სულ 9-10 მატჩი ჩაგვიტარებია ერთად, თუმცა ერთი თამაშიც კმარა, რომ მისი კლასი დაინახო. 16 წლის ვიყავი, ესპანეთის ერთ-ერთ ახალგაზრდულ გუნდში ვვარჯიშობდი და რომელი ქვეყნიდან ხარო, მკითხეს. საქართველოს შესახებ არ იცოდნენ და კალაძე რომ ვახსენე, მაშინ გავაგებინე. ასეთი სახელი აქვს კახას და რა თქმა უნდა, გული მწყდება მის წასვლაზე…”.

 

ილია ნანობაშვილი
   
 

0.117509